“როდესაც საარჩევნო წელს ხორციელდება ცვლილებები, ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იჩენს თავს…

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე. მისი განცხადებით, როდესაც ასე ფორსირებულად, საარჩევნო წელს ხორციელდება ცვლილებები ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა იჩენს თავს. მისივე თქმით, ცხადია, რომ კენჭისყრის სუბიექტებს გარკვეული გაურკვევლობები შეექმნებათ.

„თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე ჩვენ თავიდანვე უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეღრმავებინა თვითმმართველობის რეფორმა, უკან გადავდგით ნაბიჯები, რასაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და ამასთან ერთად, საარჩევნო წელს როცა ხორციელდება ასეთი ცვლილებები, ის რა თქმა უნდა გააჩენს ძალიან ბევრ შეუსაბამობას, ბევრ არევ-დარევას კანონმდებლობაში და გზადაგზა გასწორება ამ ყველაფრის და პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლის მუდმივ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა არანაირად გამართლებული არ არის,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი.

“ჩვენ მივდიოდით იმისკენ, რომ უფრო მეტი თვითმმართველობა უნდა ჰქონოდა ხალხს – ეს იყო კონცეფცია და სულისკვეთება წლების განმავლობაში თვითმმართველობის რეფორმის. ასე შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები წინა არჩევნების დროს. როდესაც ერთ არჩევნებზე ასეთი სულისკვეთებით იქმნება ახალი არჩევითი თანამდებობები და შემდგომ არჩევნებზე უკან ტრიალდება ეს ყველაფერი, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს რომ თვითმმართველობების სასარგებლოდ არ იქნება, ფაქტია“, – დასძინა ჩიხრაძემ.