სალომე ზურაბიშვილი ხვალნდელი ქართველთა მარშის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი ხვალნდელი ქართველთა მარშის შესახებ

„ძალიან აღშფოთებული  ვარ იმის გამო თუ რა ხდება ჩემი სახლის გვერდზე, ლესელიძეზე, ახალი ტფილისის ქვეყნის სახსრებით აღდგენილ აღმაშენებელზე ან ჩემ საარჩევნო უბანში ვარდების მოედნის მიწისქვეშა დაწესებულებში …. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და აქ პირველი პასუხისმგებლობა მერიასი, ხელისუფლების და კანონმდებელი ორგანოსი, პარლამენტისაა … ორიოდე კვირის წინ გამგებლის და ზედამხედველობის თანხლებით ჩავიარეთ ჩემი უბნის მთავარი ქუჩები, რათა უცხო ენაზე კანონდარღვევით გამოკრულ პლაკატებსა და რეკლამებზე აუცილებელი რეაგირება მომხდარიყო. ცხადია საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ ეროვნულ იდენტობის დაცვაში რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი – ანუ პატარა ერის – თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია, არამედ და ამავდროულად ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის ანუ ეკონომიკის ერთერთ წყაროსაც წარმოადგენს.
თუმცა არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ქართულ ღირებულებებს არანაკლებად ვაზიანებთ, როცა ვუგულებელვყოფთ ჩვენ ისტორიულ მახასიათებლებს: ტოლერანტობას, სტუმართ მასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას…. ჩვენმა კულტურამ ყველა უცხო დამპყრობლებს გაუძლო საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, ყველასგან რაღაც შეითვისა და შეირგო, და ყველაფრის მიუხედავად, გალობანი სინანულისანში სპარსულ ენის სიტკბოს მიუძღვნა დავითმა!

ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც გადის ხაზი ერთი მხრივ ჩვენი თავის დაცვისა და თვითშეგნების გაღვიძების და, მეორე მხრივ, არალეგალური უცხოელების ქვეყნიდან განდევნის მოთხოვნათა შორის.
არალეგალები მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან და მათ შორის მილიონამდე ქართველი რომლის მიმართ არ ვისურვებდი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან.

ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტი უნდა იყოს სწორი: საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარი ხელისუფლებისგან და ეს იყოს გამოხატული მკაფიოდ და არა უცხოელის მიმართ აუტანლობა ან სიძულვილი.
ჩვენი ადათწესები დავიცვათ და ჩვენ სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა, ტურიზმის ეკონომიურ ინტერესების გათვალისწინება გვმართებს ოღონდ ეკონომიკის მოთხოვნების მსხვერპლად და მონად არ უნდა ვიქცეთ.

კერძო მესაკუთრეების უფლებები არ უნდა დაირღვეს და მან უნდა შეძლოს გაქირავება და გაყიდვა, თუნდაც უცხოელზე, თუ არ გვინდა ჩვენივე მოსახლეობა დავაზარალოთ და შევზღუდოთ, მაგრამ უცხოელ მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს ქალაქის, უბნის, ქუჩის იერსახის შენარჩუნება გარეთ (ანუ ჩილიმების ქუჩად არ უნდ გადაიქცეს შარდენი თუ აღმაშენებელი) და ჩვენი კანონების შესრულება შიგნით (პოლიცია უნდა შედიოდეს დაწესებულებებში და ამოწმებდეს სანიტარულ და სხვა “პირობებს”, აჯარიმემდეს და საჭიროების შემთხვევაში ხურავდეს ….)

მოკლედ თუ ხვალინდელი დემონსტრაცია იმას ემსახურება რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს, მოითხოვოს, ხელისუფლებისგან სრულიად მისაღებია, გასაგები და დროული ( თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად) თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად რომელიც ჩვენ ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებების ვიდრე ის უცხოელები ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ!”