იმედია მაჟორიტარები ერთხელ მაინც ჩამოივლიან იმ ადგილებს, სადაც უხვად გასცეს დაპირებები…

ქეთი მიქაძე

ჩვენს უბანში სამი სკვერია. პირველი სკვერი ყოფილი კინოთეატრის „ბათუმის“ გვერდით მდებარეობს, სხვათაშორის, ეს ის ადგილია, სადაც თბილისის მერის მეორე ტურის არჩევნების დროს დავით ნარმანია ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და დაპირდა, რომ მისი მერობის დროს ეს პარკი კეთილმოეწყობოდა და აქაურებს დასასვენებელი, ბავშვებს კი სათამაშო ადგილი ექნებოდათ, მაგრამ…აი, ზუსტად ამ სასრიალოსთან იდგა, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ბზარი ჰქონდა, დღეს კი თავად ხედავთ…

…მაგრამ დაპირება საპნის ბუშტივით გაქრა, მეტიც, სკვერში სკამები სულ დაიმტვრა

ბავშვები კი მშობლებს ჩქარი ნაბიჯებით გაჰყავთ აქედან, რადგან საკმაოდ მოზრდილ ბალახში რა იცი რა იყოს ჩაბუდებული…

სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ სკვერში ნერგები დარგეს, ყველას ეგონა-აჰადა გვეშველაო, მაგრამ არათუ სკვერის კეთილმოწყობა გახსენებია ვინმეს, დარგული ნერგებიც მიავიწყდათ და ალბათ არც იციან,  ბევრი მათგანი რომ გამხმარია…


ამ სკვერში ადრე ტირი იყო, ახლაც რომ ვინმე აზრად მოსვლოდა მისი განახლება, ახალგაზრდებს დროის გასაყვანი მაინც ექნებოდათ და მთელი დღე მხხოლოდ ლუდის სმაში, საღამოს კი ალიაქოთში არ გაატარებდნენ. არადა შენობაც კი დგას, მხოლოდ მონდომება და კაბინეტიდან გამოსვლაა საჭირო…

ამ სკვერს 117-ე სკოლა უყურებს, სკვერის ბოლოს საბავშვო ბაღი და დემირელის სკოლაა, ასე რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქ ბავშვების სიმრავლეა-ოღონდ არა სკვერში…

ფოტოებს რომ ვიღებდი ქუჩაში ქალბატონები იდგნენ-ვკითხე-მაჟორიტარები თუ მოდიან მოსახლეობასთანთქო და ისე დამცინავად შემომხედეს, მივხვდი-მათი სახე მხოლოდ ჩამოხეული პლაკატებით ახსოვთ…

ამ სკვერის მერე უკვე ახალი პარკია. ეს ის ადგილია ყველა პოლიტიკური შეხვედრა რომ ტარდება. ალბათ ახლაც ამ სკვერში იქნება წინასაარჩევნო შეხვედრები-მოკლედ, ადგილობრივი მთავროვის თავმოსაწონებელი და სავიზიტო ბარათია.

ახალი ნარგავები დარგეს

სკამებიც თითქმის ყველა მთელია, აი საქანელები კი აღარ არის და პატარები რიგში დგანან, მაგრამ იმისთვის, რომ სადმე დაჯდე და მეზზობელს გაესაუბრო, მართლაც შესანიშნავია, მითუმეტეს, რომ სულ ახალი, პატარა ნაძვები და ბუჩქები მართლაც სასიამოვნოდ გამოიყურებიან.

მესამე სკვერი აეროპორტის გზაზეა, ეს პირველი დასახლებაა, რაც თბილისში ჩამოსულ უცხოელებს ხვდება. სკამები დამტვრეული, ბალახი მორეული…

ბავშვებმა დასაჯდომი რომ ვერ ნახეს, სკამები ამოაყირავეს და საზურგე დასაჯდომად გამოიყენეს…

სკვერში მშენებარე ეკლესიაა-ეს უკვე ცალკე თემაა და შემდეგში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ

ახლა ისევ სკვერს მოვავლოთ თვალი-ცვლილება არის-ნარგავები დარგეს

სხვა კი…აქაურები ამბობენ, შევარდნაძის დროს უფრო ლამაზი და კეთულმოწყობილი იყოო აქაურობა…

ხო, აქვე გაჩერებაა, ეს ის გაჩერებაა მოსაცდელი რომ გაქრა…

მოკლედ, იმედია სკვერები მიიხედება, იმის იმედიც არის, რომ მაჟორიტარები ერთხელ მაინც ჩამოივლიან იმ ადგილებს მაინც, სადაც დიდის ამბით უხვად გასცეს დაპირებები…