“როცა 4 წელი არაფერი გააკეთე, როგორ უნდა გეყოს სინდისი და კიდევ გქონდეს ამბიცია?!.“

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, ზაზა მჟავიამ სააგენტოს წერილი და ფოტოები მიაწოდა.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და გისურვებთ ყოველივე კარგს, მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვაპირებ კენჭი ვიყარო მაჟორიტარ დეპუტატად სოფელ სუფსიდან ლანჩხუთის საკრებულოში პარტია, „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობიდან“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი გახლავარ.

 მინდა თამამად ვთქვა –  მე ვიცი რა უნდა გავაკეთო სოფლისთვის და ხალხისთვის, რადგან სწორედ ამ ხალხის წიაღიდან ვარ და ყველა პრობლემა, რაც აქვთ მათ, მაქვს მეც და გვაქვს უკვე წლებია… მაგრამ გაცილებით კარგად ვიცი რა არ უნდა გავაკეთო, განსხვავებით ამ სოფლის და რაიონის  ხელისუფლებებისაგან.

მე ახლა წარმოგიდგენთ სოფელ სუფსის „პეიზაჟებს“ და დანგრეულ შენობებს.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ე.წ. პარკზე, რომელიც ათიათასობით ლარი დაჯდა, პარკზე, რომელიც არ სუფთავდება და საქონლისა  საბალახო იალაღადაა ქცეული.

ასევე მინდა განახოთ მოუწესრიგებელი ქუჩები და სანიაღვრე არხები, დანგრეული რკინიგზის სადგური, ბაქანი, რომელიც ბალახს მიაქვს და გაპარტახებული შენობები, ასევე „კონცლაგერად“ ქცეული საავადმყოფო, კულტურის სახლი, რომელშიც 1980 წლების შემდეგ არც კინო და არც სპექტაკლი არ გვინახავს.

მინდა გითხრათ, რომ ეს სიტუაცია 80- იანი წლებიდან არსებობს, კიდევ უამრავი პრობლემა…

ამ ხნის მანძილზე მრავალი დეპუტატი და გამგებელი გამოიცვალა ამ სოფელმაც და რაიონმაც, რომლებიც ყოველივე ამას ხედავდნენ და ხედავენ დღესაც და ყველაზე დამამცირებელი ის გახლავთ, რომ ისევ ამ ადამიანებს უნდათ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და კიდევ ერთხელ მოევლინონ ამ სოფელს და რაიონს გამგებლებად და დეპუტატებად!

ამ ბატონებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ თუ რამის გამკეთებლები იყავით, აქამდე გააკეთებდით, არ თქვათ ახლა, დრო არ გვეყო და მხოლოდ საქმის საკეთებლად გვინდა კიდევ არჩევნების „მოგებაო“.

მე, ზაზა მჟავიას, დიახ! მაქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე განსხვავებით თქვენგან! თქვენ არ ხართ პოლიტიკოსები და არც პოლიტიკური კონკურენცია იცით რას ნიშნავს, დიახ! მე შემოვდივარ წმინდა პოლიტიკურ კონკურენციაში თქვენთან, როგორც პოლიტიკოსი, შემოვდივარ სუფთა ხელებით, განათლებით და რაც მთავარია უფულოდ!

შემოვდივარ ხალხისთვის ხალხთან ერთად, მაქვს პრეტენზია გავხდე სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი და ვემსახურო ჩემს მშობლიურ სოფელს და ხალხს ბოლო ამოსუნთქვამდე, მე აქ გავიზარდე და თითოეული ადამიანის გასაჭირი და პრობლემა ვიცი და ვხედავ, ამ პრობლემებში და დანგრეულ სოფელში ავიდგი ფეხი და მთელი ცხოვრება ამ მარაზმს ვუყურებ.

დიახ! მე მინდა შევცვალო ეს უმსგავსობა ხალხის მსახურებით!!! მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სოფლის მოსახლეობა გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომ მათი რჩეული მათთვის და მათთან ერთად გააკეთებს საქმეს, ეს ასეც იქნება, თუ არჩევნები იქნება სუფთა და შედეგების ბედში არავინ ჩაერევა!