ვენესუელის პრეზიდენტი – ვაშინგტონი ვენესუელაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დონალდ ტრამპის გაფრთხილებას სანქციების შესახებ მწვავედ აკრიტიკებს.

მადურომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერით დესტაბილიზაციას ცდილობს.

ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელსაც ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიცია დიქტატორს უწოდებს, აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში თითქმის ოთხი თვის წინ დაიწყო, რასაც 100-მდე აქტივისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპროტესტო დემონსტრაციები პრეზიდენტის ინიციატივას მოჰყვა, რომელის ეროვნული ასამბლეის შექმნას ითვალისწინებს. ეროვნული ასამბლეა უფლებამოსილი იქნება, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დაითხოვოს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადუროს მოუწოდა, ასამბლეის შექმნის ინიციატივა გააუქმოს და ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი ოფიციალური კარაკასის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. მადუროსრეჟიმს სანქციებით ევროკავშირიც ემუქრება.

ვენესუელის გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში 2015 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. თუმცა ოპოზიციის წინააღმდეგ პრეზიდენტის მიერ გადადგმული ხისტი ნაბიჯების საპასუხოდ, ვენესუელის ოპოზიციური კოალიცია პრეზიდენტის გადადგომას სამ თვეზე მეტია ქუჩიდან მოითხოვს. ამას გარდა, მადუროს პრეზიდენტობის პირველივე თვეებიდან ვენესუელაში უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. მოსახლეობის 70% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

უგო ჩავესის მემკვიდრედ გამოცხადებულმა ნიკოლას მადურომ ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი 2013 წლიდან დაიკავა. მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირე სახელმწიფო ლათინურ ამერიკაში, OPEC-ის წევრი ვენესუელა ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოფიციალურმა კარაკასმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა უგო ჩავესის მმართველობის პერიოდში, 2009 წელს აღიარა.