გულიკო ზუმბაძე გრგ-ს თაობაზე წინადადებით გამოდის და მერიას მიმართავს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი,ბადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მერიას და მიწათასარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს წინადადებით მიმარტავს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

2017 წლის, 14 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინა, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების გაცემის საკითხი (გრგ), რომლის მიხედვითაც, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: #81.09.443;  97 470 კვ.მ.),  ახლო მომავალში უნდა აშენდეს ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანა, მოეწყოს ქვის სამტვრევი გამანაწილებელი კომპლექსი თავისი ქვიშის სარეცხის საწრეტი ავზებით.

მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული ტერიტორიაზე, თავის დროზე, მოწყობილი იყო მეფრინველეობის ფაბრიკა, ანუ საწარმო შეესაბამებოდა სასოფლო მეურნეობის დანიშნულებას. ტერიტორია ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს.

2006 წელს, დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი და გარდაბნის რაიონის ორი სხვა სოფელი შემოუერთდა თბილისს იმ დათქმით, რომ შენარჩუნებული იქნებოდა  სასოფლო-სამეურნეო და საკურორტო ტერიტორიების სტატუსი.

2017 წლის 18 ივლისს, თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა („სითი ინსტიტუტ ჯორჯია“) წარმოადგინა გეგმის პროექტი, რომლის მიხედვით ზ/ა ტერიტორიებს კვლავ უნარჩუნდებათ სასოფლო-საკურორტო ზონის სატატუსი, სადაც უნდა იყოს ხელშეწყობილი და განვითარებული მხოლოდ საბაღე-ფერმერული და სხვა სასოფლო მეურნეობის საწარმოები.

(ქ. ბერლინის მაგალითზე, ქალაქის შემოგარენში გახლავთ 40-მდე საფერმერო მეურნეობა, 50 საბაღე მეურნეობა, 400 – მდე საფუტკრე მეურნეობა.)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ეხმარება ქალაქებს საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის გარკვეული პოლიტიკის შემუშავებაში.

მივმართვ  მერიას, მიწათასარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს წინადადებით:

  1. უარი ეთქვას სამშენებლო და სხვა არასასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და ფუნქციონირებას (ტურიზმის მიმართულების გარდა);
  2. განმტკიცდეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით შემოერთებული ტერიტორიების (სოფლების) სტატუსი;
  3. შემუშავდეს პოლიტიკა დედაქალაქის საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის;
  4. დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური პროექტები საგარეუბნო სოფლის მეურნეობის საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.

აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, როგორც ტერიტორიების დაცვა-შენარჩუნებასა და განვითარებაში, ისე,  მას ექნება თვალსაჩინო ეკონომიკური ეფექტი.

მივმართვ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ქ. თბილისის მერიას, დაიწყონ აღნიშნულ პროექტის შესახებ მსჯელობა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება.