გულიკო ზუმბაძემ 14 წლის მარიამ აფციაურს რომში გამართულ მოდის კვირეულზე მიღწეული წარმატება მიულოცა

მარიამ აფციაური მხოლოდ 14 წლისაა და სამოდელო კარიერაში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს.

თბილისის სამგორის რაიონის 76-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, აღიარება რომის მოდის კვირეულზე (Roma Fashion Week) დაიმსახურა.

მარიამმა კონკურსის ჟიურისგან ფოტომოდელთა კონკურსში სპეციალური დიპლომი მიიღო, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას კიდევ ერთი დიპლომი „განსაკუთრებული დამსახურებებისთვის“, კონკურსის ორგანიზატორების მხრიდან გადაეცა. მოზარდი მოდელი სააგენტო „New Stars models“-თან უკვე წლებია რაც თანამშრომლობს. მისი ხელმძღვანელი სვეტლანა ოგანია. სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა, რომ ქართველმა მოდელებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა ამ პრესტიჟულ კონკურსში.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის  თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ, რომლის სამაჟორიტარო ოლქის წარმომადგენელიცაა მარიამ აფციაური, რომის მოდის კვირეულზე  აღიარებულ მოდელს, მშობელთან, თეა აფციაურთან ერთად, სამგორის  რაიონის სადეპუტატო ოფისში, გუშინ უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

შეხვედრის დროს, რაიონის დეპუტატმა, მარიამის მიერ იტალიაში მიღებული შთაბეჭდილებების და სამომავლო გეგმების შესახებ  მოისმინა, აღსანიშნავია, რომ მარიამის მისწრაფებებს სამოდელო ბიზნესში გულიკო ზუმბაძე ყოველთვის მხარს უჭერდა და გვერდში ედგა. 

რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „თინეიჯერი“ მოდელის სამომავლო გეგმებსაც გაეცნო. მარიამს, რომელიც სპორტითაცაა გატაცებული და კიკბოქსინგის საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება, აქცენტი პროფესიონალი მოდელის კარიერაზე აქვს გაკეთებული. მას რომის მოდის კვირეულის შემდეგ, უცხოეთიდან არაერთი შემოთავაზება გააჩნია, რომელთაგანაც გამორჩეული, ლონდონის მოდის კვირეულია. შრომისმოყვარე და მიზანდასახულ გოგონას ძალიან სურს, რომ ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ, საერთაშორისო კონკურსებზე გაიტანოს და წარმატებებს მიღწიოს.

შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა გულიკო ზუმბაძემ მარიამ აფციაურს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დიდი წარმატებები უსურვა მის მიერ არჩეულ გზაზე და მხარდაჭერა აღუთქვა.