პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია შედგა, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება

საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა.

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამხედრო-საჯარისო  დანაყოფები   ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებში ატენის ხეობაში ჩაერთვებიან.

თალაკვაძის თქმით, შტაბის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, ხვალ განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

„ყველა დასახლებულ პუნქტთან, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ზომები მიღებულია. ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და სახანძრო მანქანები“ – განაცხადა თალაკვაძემ.