ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერად აპირებს კენჭისყრას

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერად აპირებს კენჭისყრას. ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ სიჭინავამ Facebook-ზე დაწერა.

“მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, ზუგდიდის მკვიდრს მაწუხებს ყველა ის პრობლემა რაც დასაქმების და პროფესიონალი კადრების ნაკლებობით, სუსტი მენეჯმენტით, გაუმართავი იფრასტრუქტურის და მინიმალური პირობების არ არსებობით არის განპირობებული . სანამ ახალგაზრდა ხარ, ამ ყველაფერს შესაძლოა მარტივად უყურებ, მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ, მეტს ფიქრობ, მეტს აანალიზებ. ყოველთვის დგება მომენტი, რომ იზრუნო შენს ქალაქზე, შენს ქუჩაზე, შენს ხალხზე, შენს ქვეყანაზე.
გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.
მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს , რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე.
სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება”, – წერია Facebook-ზე.