1993 წლის შავი 16 სექტემბერი – მოტყუებული, მაგრამ გამარჯვებული ქართველი ბიჭები…

1993 წლის 16 სექტემბერს, საღამოს, სოხუმზე აფხაზური მარყუჟი   ნელ-ნელა იკვრებოდა, უიარაღოდ დარჩენილ ქართველ მეომართა მცირე ჯგუფები დამხმარე ძალების მოლოდინში ამაოდ ცდილობდნენ ქალაქის მისადგომებთან პოზიციების შენარჩუნებას.

დღეს 16 სექტემბერია, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. სწორედ 1993 წლის 16 სექტემბერს ოკუპანტი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე!

მოწინააღმდეგის აქტიური მოძრაობა გუმისთის მხრიდან 14 სექტემბრის ღამიდან შეინიშნებოდა. როგორც მეომრები იხსენებენ, მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შეტევაზე გადავიდნენ.

მდგომარეობა მეტად საშიში იყო, რადგან იმ წელს სწავლა სოხუმში 1 სეტემბერს დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა. აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

კახა დვალიშვილის – “ნიუტონასდღიურებიდან. 1993. 16 სექტემბერი

16 სექტემბერს სოხუმში ედუარდ შევარდნაძე ჩაფრინდა. ქალაქში იყო ჯაბა იოსელიანიც.”მხედრიონი” სახელდახელოდ შეკოწიწებული ჯგუფებით ცდილობდა სოხუმში სტრატეგიული ადგილების – ფუნიკულიორის, “მაიაკის” რაიონის და რკინიგზის სადგურის დაცვას. 17 სექტემბერს  მოწინააღმდეგემ სოხუმის დაბომბვა ზღვიდანაც დაიწყო. ქალაქში რუსული, კბილებამდე შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ, მათი მოქმედების გეგმა აფხაზური სამხედრო შენაერთებისთვის ქალაქში “გზის გაწმენდა””გახლდათ. იმავე დღეს სოხუმში ჩაფრინდა პოლიციის 120-კაციანი, კარგად შეიარაღებული ჯგუფი და თბილისის პოლიციის უფროსი დავით ზეიკიძე.

“პოლიციის რაზმს პოზიციები ძიძარიას ქუჩაზე მიუჩინეს. მეორე დღეს, 18 სექტემბერს, ძიძარიას ქუჩის მცხოვრებლებმა შტაბში საგანგაშო ამბავი მოიტანეს, – პოლიციელებმა პოზიციები უბრძოლველად დატოვესო. სიტუაციაში გასარკვევად პირადად წავედი. მართლაც, პოლიციელებს სახლების სარდაფებში გადაენაცვლათ. ზეიკიძემ – ბიჭები ისვენებენო(?!). შევთანხმდით, რომ პოლიციელები ახალ პოზიციებს იაშტუხას ახლოს, ფერმებთან დაიკავებდნენ. მეორე დღეს იაშტუხაზე რომ ავედი, იქაც არავინ დამხვდა. დავით ზეიკიძემ თქვა, – ჩემს ბიჭებს სასაკლაოსთვის ვერ გავიმეტებო და 20-21 სექტემბერს უბრძოლველად გადმოინაცვლა სოხუმში. პოლიციელების პოზიციებზე გაყვანა შეუძლებელი გახდა.

აფხაზეთის შს მინისტრმა დავით გულუამ პირადი კონტროლი დაუწესა და იძულების წესით გაიყვანა პოზიციებზე ინფექციურ საავადმყოფოსთან. მათ დავალებული ჰქონდათ მიმდებარე ტერიტორიის დანაღმვა, თუმცა ბრძანება არ შეასრულეს, რადგან შეეშინდათ, ნაღმებზე თავად არ აფეთქებულიყვნენ. ცხადი იყო, რომ სოხუმში სამხედრო ხელმძღვანელობას სიტუაციის მართვა უჭირდა. 18 სექტემბერს 23-ე ბრიგადის ბატალიონებმა მოულოდნელად შტაბიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ბრძანება რადიოკავშირით პირადად ბრიგადის მეთაურმა გენო ადამიამ გასცა. იმ დროისთვის 23-ე ბრიგადას გუმისთაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი პოზიციები  ეკავა, ამიტომ უკან დახევა  ღალატის ტოლფასი იყო. მიუხედავად უკმაყოფილებისა, ბატალიონების მეთაურებმა ბრძანება შეასრულეს. მეორე ბატალიონის მეთაურმა ვახტანგ მუკბანიანმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, – ასეთი გადაწყვეტილების მიღება  მხოლოდ მოღალატეს შეუძლიაო. ინფორმაცია შტაბში გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გენო ადამიას არავითარი ბრძანება არ გაუცია, ეს განკარგულება არც კომუტატორთან იყო დაფიქსირებული. ძიებას აზრი აღარ ჰქონდა. გუმისთაზე პოზიციები უკვე დაკარგული იყო.

ასევე  საეჭვოდ განვითარდა მოვლენები კელასურის ქართულ პოზიციებზე – 19 სექტემბერს ფოთიდან სოხუმში სამხედრო ბარჟამ შეიარაღება ჩამოიტანა. მათ შორის იყო 4 ცალი 120მმ-იანი ქვემეხი, 1 ჰაუბიცა და “გრადის” ტიპის დანადგარი. ჩვენს ბრიგადას 2 ქვემეხი მისცეს, რომლითაც მთელი ღამე ვიცავდით კელასურს და სუბტროპიკულ ინსტიტუტს. გვქონდა “გრადის” 120 ჭურვი და  პოზიციის შესანარჩუნებლად ვითხოვდით “გრადის” დანადგარს. არმიის ხელმძღვანელობამ უარი გვითხრა. 20 სექტემბერს შტაბში რომ მივედით, თავზარი დაგვეცა, ფოთიდან ჩამოტანილი ჯერ კიდევ აუწყობელი ორი ქვემეხი და “გრადის” ტიპის დანადგარი ისევ  უქმად იდგა შტაბის ეზოში, ჩვენ კი ტექნიკის უქონლობის გამო პოზიციები დავკარგეთ”.

23- ბრიგადის შეიარაღების უფროსის, რომან სილაგაძის ჩვენებიდან (“ახალი 7 დღე“, 1994 წლის 24 მარტი)

თითქმის შიშველი ხელებით მებრძოლი ქართული შენაერთებისგან ასეთ წინააღმდეგობას აფხაზები არ მოელოდნენ. 18-19 სექტემბერს მათ ბევრად გაუჭირდათ. დაიწყო სოხუმის მასირებული დაბომბვა. ათასობით დევნილი იყო თავშეყრილი ბაბუშერის აეროპორტში, უამრავი ხალხი ელოდა პორტში გემებს. ისინი ნაპირს ვერ უახლოვდებოდნენ – აფხაზური არტილერია ბომბავდა. 20 სექტემბერს სოხუმი უშუქოდ დარჩა, ქალაქი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა, 21 სექტემბერს აფხაზებმა ჩამოაგდეს  რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134, რომელიც სოჭიდან სოხუმში მოფრინავდა. მგზავრებს შორის იყვნენ უცხოელი ჟურნალისტებიც. დაიღუპა 28 კაცი. Yყველა სტრატეგიული სიმაღლე მტრის ხელში იყო. ფუნიკულიორი დღეში რამდენჯერმე გადადიოდა ხელიდან ხელში, ქალაქში ტყვია-წამალი ილეოდა, შეთხელდა სოხუმის დამცველთა რიგებიც, ასეული ერთეული სამხედრო ტექნიკა ფოთში იდგა, ორი თვის წინ სოხუმიდან გამოყვანილი სამხედრო შენაერთები ქალაქში შესვლას ვერ ახერხებდნენ. ამგვარი მდგომარეობა იყო ოჩამჩირეშიც, სადაც ქართული ჯარის ნაწილები იდგა. აფხაზებმა ახალდაბა აიღეს და მძევლად 300 მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანეს,   ახალდაბელები იხსენებენ, – როგორც კი კოდორის ხიდს ქართული შენაერთები გადმოლახავდნენ, აფხაზები მძევლებს დახოცავდნენ. სოხუმის დამცველთა ერთადერთი იმედი საჰაერო გზა იყო…

“უკვე რამდენიმე დღეა, აეროპორტში ვსხედვართ. იქაურობა სავსეა მოხალისეებით, უკვე ნაომარი ჯარისკაცებით, ფორმიანებით და უფორმოებით, ხნიერი მამაკაცებით, რომელთაგან ზოგი დაღუპული შვილის ადგილის დასაკავებლად მიდის მის საბრძოლო შენაერთში, ზოგი სოხუმში მებრძოლი შვილის ამბის გასაგებად. აეროპორტში ირევიან პოლიტიკოსები. ზოგი სოხუმში მიფრინავს, ზოგი უკან ბრუნდება. ვსხედვართ და ჩვენს რიგს ველოდებით. ფრონტზე წასვლის მსურველებს არ  ყოფნით აეროპორტის კუთვნილი თვითმფრინავები, რომლებიც დღეში რამდენიმე რეისს ასრულებენ სოხუმისკენ. შევარდნაძე სოხუმშია, ბიჭებთნ ერთად ვუსმენ მის რადიომიმართვას და ცხოვრებაში პირველად, ლამის “ჩესტზე” წამოვუდგე ჩემი მთავარსარდლის განწირულ ხმას: “ჯარისკაცებო, მოხალისეებო, ექიმებო, ჟურნალისტებო, მთელი საქართველოს მოსახლეობავ, ქართველებო და არაქართველებო, ვისაც გული გერჩით, მოგმართავთ საქართველოსთვის უმძიმეს წუთებში.

სოხუმი საფრთხეშია, სოხუმს თქვენი დახმარება სჭირდება”… ბიჭების ერთ ნაწილს გული ვერ უთმენს, აეროპორტიდან ბრუნდება და მანქანებით მიდიან ოჩამჩირეში. ჩვენ, როგორც იქნა, ავედით თვითმფრინავში. სალონში ჯარისკაცები ფეხზეც კი დგანან. უკვე მივფრინავთ სოხუმისკენ, მათარებით წამოღებული არყით თბილისიდან აფრენისას ტრადიციულად  ვსვამთ ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს. მთავარია, ჩავუსწროთ სოხუმს, საფრენი ამინდია… რამდენიმე წუთში უკვე ბაბუშერაში დავფრინდებით. ვგრძნობ, ძარღვებში სისხლი მემატება, ზურას და ვაჩეს მაგივრად მივფრინავ სოხუმის დასაცავად. აი, ბიჭების შეცბუნებულ სახეებს ვამჩნევ, ბაბუშერიდან შემაშფოთებელი ამბები გადმოუციათ. აეროპორტი იბომბება, პილოტები გვიხსნიან რისკის რეალობას. წამს სალონში სიჩუმე ისადგურებს, შემდეგ კი ყველა ერთად ყვირის: “სო-ხუ-მის-კენ, სო-ხუ-მის-კენ!” მათ მეც ვუერთდები. სულ ცოტა დაგვრჩა, ხუთიოდე წუთი. საათზე ვიყურები და ათვლას ვიწყებ. აი, თვითმფრინავი გაშლის ბორბლებს აფხაზეთის მიწაზე, რუსული სუ-ები თავს დაგვტრიალებენ, გამაყრუებელი ხმები სადღაც ზღვიდან აღწევს სალონში, მაგრამ მთავარია, რომ ახლა მე არ ვფიქრობ საფრთხეზე, არც სიკვდილზე, მხოლოდ იმ წუთზე ვფიქრობ, ჩემს ბიჭებს, სოხუმის დამცველებს რომ  შევუერთდები”.

 სოხუმი 16 სეტემბერს გადარჩა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ხდებოდა ის, რაც მერე საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერებოდა.

დიდება გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს!