ოთო გურგენიშვილი – კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითი – ასეთ გმირებზე დგას სამყარო…(ვიდეო)

ამ ტრაგედიიდან უკვე სამი წელი გავიდა.

სამი წლის წინ ყველა შეძრა რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც „დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის ჯიპი“ მას დაეჯახა.

ოთარ გურგენიშვილის თავგანწირვა სამოქალაქო გმირობის მაგალითია მთელი საზოგადოებისთვის. ამ საქციელით მან უსაზღვრო კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის საოცარი მაგალითი მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რას ნიშნავს მოყვასისათვის თავგანწირვა.

ასეთ გმირებს ხალხი არ ივიწყებს. 21 წლის ახალგაზრდა პოეტმა, ოთო გურგენიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იხსნა. გმირები მხოლოდ ომის დროს არ იბადებიან. ასეთ გმირებზე დგას სამყარო.

სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ოთოს ჯილდო გადასცა სამოქალაქო თავდადებისთვის. ითქვა უამრავი ტბილი სიტყვა, მაგრამ დედისთვის ყველაზე ძვირფასი მისი შვილის სახელის უკვდავყოფაა, რომელიც პრეზიდენტის ჯილდომ კიდევ უფრო უკვდავყო.

ოთოს ხსოვნას მიეძღვნა რამდენიმე დღის წინ გამართული პოეზიის საღამო, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ტკივილი, რომელიც არასოდეს განელდება, გმირობა, რომელიც არასდროს გაუფერულდება.

ჩვენ პატივს მივაგებთ ოთოს ხსოვნას და ძალიან გვინდა, მისი სახელი მუდამ ახსოვდეს მომავალ თაობას.