დონალდ ტრამპი – გაერო საკუთარ პოტენციალს არ იყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საკუთარ პოტენციალს არ იყენებს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის პირველმა პირმა გაეროში თავის პირველ სიტყვაში განაცხადა.

„საჭიროა მეტად ფოკუსირება ადამიანებზე და ნაკლებად – ბიუროკრატიაზე“, – აღნიშნა ტრამპმა გაეროს შტაბ-ბინაში რეფორმების საკითხზე გამართულ სხდომაზე.
მისი თქმით, არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გაიღოს არაპროპორციული ხარჯების წილი.

გამოცემის ინფორმაციით, ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც არასამართლიანად მიიჩნევს აშშ-ს ხარჯებს, რაც გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტის 28,5 %-ს მოიცავს. მან არაერთხელ გააკრიტიკა გაეროს საერთო ეფექტურობა და აცხადებდა, რომ ორგანიზაცია ცოტას აკეთებს გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად.