“ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, წინ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი…”

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას  კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. მოისმინეს ინფორმაცია თბილისის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვა-სისტემატიზაციასთან და შემდგომ კანონიერ სარგებლობაში ფაქტობრივ მფლობელთათვის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა მიაწოდა. მათიაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დასრულებულია და შემდეგ ეტაპზეა გადასული.

გარდა ამისა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი თბილისის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის ობიექტების ამოქმედების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

კომისიის წევრებს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთი გოგინაშვილმა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ანა ჩაგარიძემ მიაწოდეს.

კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოამზადებს განკარგულების პროექტს და საკრებულოს მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში ის დედაქალაქის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება.

-კომისიის ამ სხდომაზე ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ: ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს, გარეუბნებში პირველადი ჯანდაცვის სერვისის (პოლიკლინიკების) ამოქმედების პროცესებში. წინ კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. მარტო ჩემს სახელზე მოქალაქეების 600 მეტი ხელმოწერა შემოვიდა. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!”-განაცხადა კომისიის შემდეგ ჩვენთან საუბრისას გულუკო ზუმბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გულიკო ზუმბაძემ პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის სერვისის ამოქმედების მოთხოვნით საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი გამართა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90/