ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღება და დანერგვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.

„წარმოდგენილია ძალიან დიდი პაკეტი, რომელიც  ნარკოპოლიტიკას ეხება და მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს, ყველა შრეს და ყველა სივრცეს, რომელიც კანონმდებლობით  ამ საკითხს არეგულირებს. იურიდულ საკითხთა კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი, არიან  სავალდებულო წესით განსაზღვრული კომიტეტებიც, რომლებიც ასევე იმსჯელებენ  ამ საკითხზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თემის მოცულობიდან გამომდინარე საკითხის განხილვის ვადა გაგრძელებულია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები რამდენიმე ეტაპად გაიმართება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა, „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებმა ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაცია გამართეს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია  და შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტების ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით  საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები დააფიქსირეს.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.

კანონპროექტების ავტორია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ხოლო ინიციატორები კი, საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და კომიტეტის წევრებმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და კომიტეტის წევრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა.​