„გადადგეს მთავრობა“ – ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსი“ მჯდომარე აქციას მართავს

„გადადგეს მთავრობა“, – ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ მჯდომარე აქციას მართავს „პატრიოტთა ალიანსი“.

პარტიის ლიდერების განმარტებით, ალიანსის 100-მდე წევრი მთავრობის კანცელარიასთან იქამდე იქნება, ვიდრე მთავრობა არ გადადგება.

ცხრა პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსს ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა, მხოლოდ ერთმა ჩაანაცვლა. ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ აქციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე კვირიკაშვილი და მისი გუნდი მთავრობას არ დატოვებს.

მთავრობის ადმინისტრაციამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მხარდამჭერები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ადმინისტრაციისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

მჯდომარე აქციასთან ერთად, ალიანსის მხარდამჭერები რჩებიან პარლამენტის შენობასთან, სადაც ისინი შიმშილობას განაგრძობენ.