ახალი პეტიცია (მი-შტერ-ების ფუძე მომწონს – შტერი)

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ახალი პეტიცია ჯერ წაიკითხეთ, მოკლე მოსაზრებებს და კითხვებს ქვრმოთ დავწერ:

” “საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს – სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.

პეტიციას უამრავი სააგენტო ავრცელებს, ამიტომ თუ რაიმე უზუსტობაა, მე არ დამაბრალოთ.

კითხვები და მოსაზრებები:

– ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს ვინ ვის მიაშტერდა და რა მიზეზით გამოუშტერდა თვალები? თუ სილამაზისგან გაშტერდა? ე.ი. მუზეუმში ნახატს რომ მიაშტერდე, ან მთაში ლამაზ პეიზაჟს, ან ლამაზ არქიტექტურას, შეიძლება, ხოლო ლამაზ ქალზე მიშტერება არა? იქნებ არ მიაშტერდა და უცქერის როგორც ბუნების თუ ღმერთის ქმნილებას?

– გალაქტიონს მერი ქუჩაში რომ არ ენახა, იმ ვნებით სავსე ლექსს ხომ არ დაგვიტოვებდა? ვინ იცის რამდენჯერ აშტერდებოდა?

– მიშტერებად მხოლოდ თვალებში უჭცქერა ითვლება, თუ ლამაზი პედიკურით დატკბობა დასაშვებია?

– ამ პეტიციის დამწერები სიყვარულთან როგორ ბრძანდებით, ჩაუქროლია ახლოს მაინც? ბიჭმა გოგო ან გოგომ ბიჭი მიშტერების გარეშე როგორ შეიყვაროს, ან თუ შეუყვარდა, როგორ არ მიაშტერდეს? ისე ხომ არ ხდება, რომ ორთავეს ერთად შეუყვარდეს ერთმანეთი? ჯერ ერთს უყვარდება მეორე, მერე აშტერდება, აშტერდება და იმასაც უყვარდება.

– მიშტერების ხანგრძლივობა როგორ განისაზღვრება? დავუშვათ, 5 წამამდე ცქერაში ჩაითვლება და 5 წამზე მეტად მიშტერებად?

– ახლა სტვენაზე გადავიდეთ. სიტუაცია: ღამე არის მთვარიანი, წვიმიანი, თოვლიანი… ჩამოიარა გოგონამ, დგანან ბიჭები. ერთს მოეწონა გოგონა. მიშტერების უფლება არ აქვს. ჰოდა, ამ თოვლიან, წვიმიან ღამეში, ახედა მთვარეს, თუ ვარსკვლავებს და დაუსტვინა. ამის შემდეგ რა პროცედურები იწყება და როგორ მტკიცდება, რომ კონკრეტულად (ახალგზრდები, რომლებსაც არც რუსული უსწავლიათ, არც რუსი უნახავთ, ამბობენ “იმენა”) ამ გოგონას დაუსტვინა? სტვენის დროს თუ სხვა მიმართულებით იცქირება?

სასამართლოებს და პოლიციას საქმე მოემატება ისე, რომ ჯერ გამოშტერდებიან, მერე სტვენას დაიწყებენ.

სტვენას და მი-შტერ-ებას რამდენი ხნის ხანგრძლივობა თუ სიძველე აქვს? მაგალითად, შეიძლება 10 წლის შემდეგ თქვას ქალმა, რომ დამისტვინა ან მომაშტერდაო? ახლა რაც სკანდალებია ამერიკასა და ევროპაში, ყველას კონიაკის სიძველე აქვს და ამიტომ ვკითხულობ?

სტვენა და მი-შტერ-ება ფოტო და ვიდეო მასალით მტკიცდება, თუ სიტყვიერად საკმარისია? მოწმეები სჭირდება? “ტროიკებმა” უნდა განიხილონ თუ?

– ახლა გოგონებს ვაფრთხილებ. თუ ბიჭს ერთხელ უარს ეტყვით შეხვედრაზე, იცოდეთ მეორედ ვეღარ დაგინიშნავთ პაემანს, კანონი აუკრძალავს. ამიტომ, ეგრევე უნდა დათანხმდეთ პაემანსაც და გათხოვებასაც.

– ასევე ვაფრთხილებ ქალებს, აწი კომპლიმენტები მოგენატრებათ, რადგან ნებისმიერ კომპლიმენტზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეტექსტებს შეიცავს.

ვიხსენებ სკოლის ასაკს, პირველ სიყვარულს, რას ვაშტერდებოდით, არ ვუსტვენდით, მაგრამ რამდენს დავდევდით სახლიდან სკოლამდე, სკოლიდან სახლამდე…

მძიმე სიტუაციაა. ამას ემატება ბავშვთა სამყაროს მიერ დაწერილი “სკოლამდელი მომზადების სახელმძღვანელო”, შემდეგ სკოლებშიც რაიმე ნაბჟუტურებს შეიტანენ და მთლად გამოგვაშტერებენ.

ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში რა ხდება? დაLikeბები, და?ებები და ა.შ. ითვლება დარღვევად? მიშტერება? ხმოვან მესიჯად სტვენის გაგზავნა?

მოკლედ, აწი ყველანი გადადით mail.ru-ს გაცნობის საიტზე. სხვაგვარად შარს აიკიდებთ.

ისე, ვერ გავიგე, ჩვენი გამოშტერება შეიძლება და გამოშტერებულმა ვინმეს რომ მიაშტერდეს არა?

ამ სიტყვის, მი-შტერ-ების ფუძე მომწონს, – შტერი.

(!) ადრე გაზეთებში იყო, სანამ ბომერი იბეჭდებოდა…

მოკლედ, უელსელმა რეგიონული განვითარრბის ექსმინისტრმა, კარლ საჯეტმა, რომელიც სამსახურიდან სექსუალური დევნის გამო დაითხოვეს, თან 20 წლის წინანდელ ამბებს ეხება, რომელთა არანაირი მამტკიცებელი არ არსებობდა, მას შემდეგ, რაც თავის გამართლება ვერ შესძლო, გუშინ თავი მოიკლა.