„მხოლოდ შეძრწუნება არაა საკმარისი, სასწრაფოდ უნდა გამოვიბერტყეთ ყურები!“

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბს მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიას ჩვენთან საუბარში „პედაგოგტა საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელი დავით ფერაძე გამოეხმაურა და მომხდარს შემაშფოთებელი და სამწუხარო უწოდა.

-მომხდარი არის შემაშფოთებელი და ძალიან სამწუხარო. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს არაა უპრეცედენტო, ადრეც ხდებოდა. იყო პერიოდი ამ ათიოდე წლის წინ, დაჭრებისა და მსგავსი რეციდივების სერია რომ დაიწყო, მაგრამ ეს იყო ადრე და ახლა ხომ უნდა გავიზარდოთ?

ამ საუკუნეში, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ერთ ერთი ცენტრალური სკოლის მოსწვალეებში ცოტა მაღალი და თანამედროვე შეგნება რომ იყოს, მაშინ ამხელა აგრესია არ გამოვლინდებოდა. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ველურობიდან ვერ გამოვედით. სამთავრობო პოლიტიკაა ისეთი, რომ მოსწავლისთვის აღარც მშობელს სცალია, აღარც მასწავლებელს, აღარც საზოგადოებას.

მასწავლებლებს ე.წ. განვითარების სქემით თავბრუ დაეხვა და დრო აღარ აქვს. აღმზრდელობა ნულზეა დასული და არ მიწყენენ კოლეგები თუ ვიტყვი, რომ ეს პირველ რიგში ეხებათ 51-ე და მსგავს სკოლებს. მე შეძრწუნებული ვარ როგორც პედაგოგი, როგორც მშობელი, როგორც მოქალაქე, მაგრამ მხოლოდ შეძრწუნება არაა საკმარისი. ვშიშობ, რომ ეს ინციდენტი იქნება წახალისება სხვა უბნებზეც, თუ სასწრაფოდ არ გამოვიბერტყეთ ყურები!“