ხელისუფლებას ევალება, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს…

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხელისუფლებას ევალება  შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

-„ეს არის უდიდესი ტრაგედია ოჯახებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება და სახელმწიფო ერთად უნდა დავდგეთ. განსაკუთრებით, ხელისუფლებას ევალება, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთად გეგმავენ ღონისძიებებს, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ ამ ორი სამინისტროთი არ უნდა შემოვიფარგლოთ და კომპლექსური ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მომავალში ასეთი სახის საშინელება თავიდან ავიცილოთ. ბავშვის კოდექსზე ვმუშაობთ, სადაც გარკვეული მექანიზმებია გათალისწინებული. მათ შორის, საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცვის ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომიტეტი ღიაა იმისთვის, რომ საზოგადოების წინადადებები მოვისმინოთ. საკმარისი მხოლოდ ეს კოდექსი არ იქნება და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა”- ამბობს დეპუტატი.