იცვლება ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გაჩერების ადგილები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერდებიან.

როგორც კალაძემ დასძინა, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე იმსჯელა და შესაბამისი გეგმაც მზად არის.

“გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსაც დაავალა.