თბილისის ისტორიის უტყვი მოწმეები….აბრების გამოფენა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს სარდაფში თბილისის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშებია წარმოდგენილი.

აბრების დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.

გამოფენის მიზანი თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის, კიდევ ერთხელ წარმოჩენაა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, რომელიც, როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, სხვა დეტალებს მოიცავს.

მისი თქმით, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება მის საფუძველზე მოხდება.

”დღეს საკრებულოს შენობაში წარმოდგენილია უძველესი ქუჩების მანიშნებლები. როგორც იცით, დამისამართება ჩვენს დედაქალაქში მე-18 საუკუნიდან დაიწყო. ზოგადად, დაწყებული გვაქვს მუშაობა, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, შუქნიშნებს მოიცავს. ეს ყველა განვითარებულ ქალაქს აქვს და თბილისიც არავის ჩამოუვარდება. არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ერთიან დიზაინში უნდა მოექცეს. აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა ამ მიმართულებით მოხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.