თუ გაინტერესებთ შობის აღნიშვნის შესახებ – მაშინ ეს თქვენთვისაა

ზვიად ტომარაძე

ვისაც გაინტერესებთ შობის აღნიშვნის შესახებ, გაეცანით:

მსოფლიოში 15 მართლმადიდებური ავტოკეფალური ეკლესია არსებობს:
1.კონსტანტინოპოლის
2.ალექსანდრიიის
3.ანტიოქიიის (დამასკო)
4.იერუსალიმის
5.რუსეთის
6.საქართველოს
7.სერბეთის
8.რუმინეთის
9.ბულგარეთის
10.კვიპროსის
11.ელადის (საბერძნეთი)
12.ალბანეთის
13.პოლონეთის
14.ჩეხეთ-სლოვაკეთის
15.ამერიკის(ნიუ-იორკი)

დღევანდელ დღეს იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს და სერბული ეკლესიები უძრავი დღესასწაულების დასადგენად იყენებენ იულიუსის კალენდარს. ყველა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესია კი – შესწორებულ იულიუსის კალენდარს (გრიგორიუსის კალენდარს). ანუ 15–დან 11 ავტოკეფალური ეკლესია შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.

იულიუსის კალენდარი შემოღებული იყო რომის იმპერატორ იულიუს კეისრის მიერ ჩვ.წ.აღ.-მდე 45 წელს მზის წელიწადის ხანგრძლივობა (დრო, რომელიც ესაჭიროება დედამიწას რომ მზის ირგვლივ ერთი ბრუნი გააკეთოს) შეფასებული იყო როგორც 365 დღე და 6 საათი. ყოველ მეოთხე წელს ეს დანამატი, 6 საათი იკრიბებოდა ერთ დღედ, რომელსაც უმატებდნენ იმავე წელს, რის საფუძველზეც გამოდიოდა 366 დღიანი ნაკიანი წელიწადი.
ტექნიკურად, ასეთი სამოქალაქო კალენდრული წელი 11 წუთით და 14 წამით უფრო გრძელია. სწორედ ამ მცირე ცდომილებამ გამოიწვია კალენდართან დაკავშირებული ყველა პრობლემა!!!
325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდრის გამოყენება დააწესა, მაგრამ არ შეუსწორებია ამ დროისთვის არსებული ცდომილება.

კრების გადაწყვეტილებით აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის (წელიწადში არის მხოლოდ ორი დღე, როცა დღე და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება.ამ მოვლენას ბუნიაობა ჰქვია. გაზაფხულის ბუნიაობა 21 მარტსაა, შემოდგომის 23 სექტემბერს) მერე პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, პირველ კვირა დღეს. დროთა განმავლობაში, იულიუსის კალენდრის ცდომილების გამო, გაზაფხულის ბუნიაობამ წინა რიცხვებზე გადმოინაცვლა.

იმ მოტივით, რომ ნიკეის კრების გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო რომის პაპმა გრეგორიუს XIII-მ 1582 წელს კალენდრის ჩასწორება განახორციელა. ძველ კალენდარს მოაკლეს 10 დღე,(1582-325=1257),(1257X11,4=14329,8),(14329,8/1440=9.95დღე) ამრიგად მივიღეთ ახალი სტილი რომელიც „გრეგორიანული კალენდრითაა“ ცნობილი, სინამდვილეში ის შესწორებული იულიუსის კალანდარია.
და ის გაცილებით უფრო ზუსტია, ისეთი ასტრონომიული მოვლენების მიმართ, როგორიცაა: ბუნიობა და სავსემთვარეობა.

1923 წელს მართლმადიდებელთა ეკლესიათა კონფერენციამ,ამ დროისთვის არსებული ცდომილება, კიდევ 3 დღე ამოიღო, (1923-325=1598),(1598X11,4=18217),(18217/1440=12,65დღე). რამაც შეადგინა 13 დღე.
2100 წელს განსხვავება კალენდრებს შორის იქნება 14 დღე და შობის დღესასწაულს იზეიმებენ 8 იანვარს (2100-325=1775),(1775X11,4=20235),(20235/1440=14,05დღე).

1923 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილი იქნა შემოღებული. საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა ახალი სტილით 5 წელი გაგრძელდა და 1928 წელს მრევლის გარკვეული ნაწილის პროტესტის გამო კვლავ ძველ სტილს დაუბრუნდა.ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს სიახლე საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლით განხორციელდა და ანტიეკლესიურ ქმედებას წარმოადგენდა.
დაახლოებით იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი, რუსეთის ეკლესიაშიც, იმ განსხვავებით, რომ ამ ინოვაციამ მხოლოდ 24 დღე გაძლო. (1923 წლის 2 ოქტომბრიდან-26 ოქტომბრამდე) დღემდე უცნობია მაცხოვრის დაბადების ზუსტი თარიღი. ბიბლიაში არაფერია ცნობილი, არც თვე, არც რიცხვი და არც წლის დრო.

არსებობს ვარაუდი,რომ 274 წელს რომის იმპერატორმა ავრელიუსმა, 25 დეკემბრად დაუმარცხებელი მზის დღესასწაული დააწესა.რომაელებს მიაჩნდათ, რომ ამ დროისთვის იმატებდა დღე და მზე ამარცხებდა სიბნელეს. ხოლო ქრისტიანების მხრიდან, კი მოხდა აღნიშნული წარმართული თარიღის ჩანაცვლება შობის დღესასწაულით. ასეა თუ ისე ნიკეის კრებამ ქრისტეს დაბადების თარიღად 25 დეკემბერი დაადგინა.

მე ვემორჩილები ჩემს ეკლესიას და სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს 7 იანვარს მეც 7–ში ვიდღესასწაულებ, მაგრამ ასევე დავემორჩილები თუ გადავა ახალ სტილზე ისევე როგორც სხვა 11 მართლმადიდებლური ეკლესია.