“მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად”

როგორი იყო 2017 წელი და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ მომდევნო წელს.

განვლილი წელი ჩვენთან საუბარში საბურთალოს მაჟორიტარმა დავით უთმელიძემ შეაფასა.

-2017 წელი იყო პოზიტიური და განსაკუთრებით თვითმმართველობისთის. არჩევნებში გაიმარჯვა კახი კალაძემ და საკრებულოში უმრავლესობით მოვიდა „ქართული ოცნება“, რაც ჩვენი მიზანი იყო. არჩევნების შემდეგ ახალი გუნდი შეუდგა მუშაობას და დარწმუნებული ვარ თბილისელები ჩვენი მუშაობის შედეგს უკვე ხედავენ. დამტკიცდა თბილისის ბიუჯეტი. საკმაოდ პოზიტიურია ის, რომ 60 მილიონითაა გაზრდილი 2018 წლის ბიუჯეტი, სადაც გათვლილია ყველა წინასაარჩევნო დაპირება და ამომრჩეველი არ დარჩება იმედგაცრუებული.

უკვე იხსნება მაჟორიტარების ბიუროები, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე იანვრიდან მთელი ძალისხმევით შევუდგებით მუშაობას.

მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობასთან ერთად მაქსიმალურად შევძლებთ მომდევნო წლებში ყველა დანაპირების შესრულებას, ქალაქის გალამაზებას და პრობლემების მოგვარებას.

ასე რომ მთლიანობაში 2017 წელი იყო საკმაოდ პოზიტიური თვითმმართველობებისთვის.

-პირადად თქვენთვის როგორი იყო ეს წელი?

-პირადად ჩემთვის იყო ძალიან საპასუხისმგებლო,  მეორედ გავხდი საკრებულოს დეპუტატი, ნდობა გამომიცხადა საბურთალოს მოსახლეობამ და ეს ბევრ რამეს მავალებს. ამ წელმა დამანახა ხალხის სიყვარული, თანადგომა და ერთობა, ვიგრძენი სითბო ჩემი ამომრჩევლისგან, გავიცანი უამრავი ძალიან კარგი ადამიანი და დღეს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ-მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად.

-რას უნდა ველოდოთ 2018 წლისგან?

-ყველაფერ პოზიტივს, დანაპირების შესრულებას და რაც მთავარია – საქართველოს უფრო მეტ წინსვლას. ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა – ახალ წელს. ვულოცავ ჩემს საბურთალოელებს და ბედნიერებას, სიკეთეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ.