სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ მიიჩნია. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

“მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ”, – განმარტა მოსამართლემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო.