საქართველოს ელჩი: ანატოლი ბიბილოვი სერბეთში კერძო ვიზიტით ჩავიდა

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი კერძოა. ელჩის თქმით, ბოსნია-ჰერცოგოვინის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელია. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

“აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კერძო ვიზიტს და არ შეესაბამება ბოსნია – ჰერცეგოვინას პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი აგრძელებს პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარებას და უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდით ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარეს, რომელიც არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყნაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ არანაირ ოფიციალურ ვიზიტს არ ჰქონდა ადგილი და ვერც ექნებოდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას”,- ამბობს ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეფაქტო პრეზიდენტი ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში ”ოფიციალური ვიზიტით” ჩავიდა.