ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო სუბიექტებს, თანამდებობის პირებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს აფრთხილებს

   ცესკო-ს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება:

   “წარმოგიდგენთ მოსაზრებას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე, რომელზეც საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში.

აღნიშნულის, მიუხედავად, მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

შესაბამისად, მინდა მივმართო საარჩევნო სუბიექტებს, შესაბამისი თანამდებობის პირებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების სრულფასოვან განხორციელებას.”-ნათქვამია გავრცელებულ  განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება