ნინო მიქიაშვილი: თუ ნამდვილად ფიროსმანია, როდის და რამდენად კანონიერად გაიტანეს ისინი საქართველოდან? (ვიდეო)

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი კულტურის სამინისტროს მიმართავს.

 -„რუსეთში ფიროსმანის 19 ტილო გამოჩნდა.

ხუთი დღის წინ, 2016 წლის 3 აგვისტოს რუსულ ტელეარხ „რასია კულტურაზე“ ფიროსმანის ტილოებზე ორწუთიანი სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვით მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა ომსკის ვრუბელის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადასცა ფიროსმანის 19 ტილო. ნათქვამია რომ ფიროსმანის ტილოები საქართველოდან რთულ წლებში შეუძენიათ სოზაშვილების ოჯახისგან. ეს არის აღნიშნული სიუჟეტის ძალიან მოკლე შინაარსი.

1 2 3

აღნიშნული სიუჟეტი გადმოვწერეთ და კვირას, 7 აგვისტო, 21:30 წუთზე მედია-კავშირ „ობიექტივის“ ეთერით, გადაცემა „მემკვიდრეობაში“ გავუშვი. გადაცემის სტუმარმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია მარსაგიშვილმა, რომელიც ამავდროულად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორია, განაცხადა, რომ მოსკოვის მუზეუმში ფიროსმანის ამ რაოდენობის ტილოების არსებობის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო.

გთხოვთ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური დაინტერესდეს და გამოარკვიოს: ეს ნამდვილად ფიროსმანის ტილოებია, თუ არა; თუ ნამდვილად ფიროსმანია, როდის და რამდენად კანონიერად გაიტანეს ისინი საქართველოდან.

ბოლოთქმა – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტით გავგზავნე. ხვალ გავიგებ ვის დაეწერა და პასუხს დაველოდები“.

კომენტარის დატოვება