“სწორად შერჩეული მენიუა, ბავშვები ეჩვევიან ჯანსაღი კვების წესს და აღარ იყრება ამდენი საკვები”

ბაგა-ბაღების კვების რაციონში შესულ ცვლილებებს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

2017 წლის ოქტომბერში ახალი ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და დღეს ბაგა-ბაღებში არის გაუმჯობესებული კვების რაციონი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე მოხდეს პრევენცია სხვადასხვა დაავადებისა და აღსაზრდელებმა მიიღონ დაბალანსებული საკვები. ამას დაბეჯითებით გეუბნებით, რადგან მე თვითონ გახლდით ჩართული ამ პროცესში.

რაც შეეხება იმას, რომ რაციონში თევზი შესაძლოა ბავშვებს არ მოეწონოთ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ორი ფილა უიაფესი შოკოლადით ჩვენ შეიძლება დღიური კალორაჟი დიდწილად ავინაზღაუროთ, თუმცა ეს არ არის ჯანსაღი კვება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ადრეული ასაკიდანვე ბავშვები შეეჩვიონ ჯანსაღ რეჟიმს.

ის პლუსები და სიკეთე, რომელიც დღეს არის სკოლამდელი განათლების სისტემაში, უკავშირდება სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. წლევანდელი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ბიუჯეტი ორჯერ აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ამიტომ თუნდაც რომელიმე ბაღში ერთი ბავშვი არ გამოიკვებოს სათანადოდ კალორიულად და მოხდეს არსებული უზრუნველყოფილი სტანდარტიდან გადახვევა, ჩვენ ამაზე გვექნება უმკაცრესი რეაქცია.

ასეთად წოდებული თეთრი სიკვდილის ტრიადა: მარილი, შაქარი და თეთრი პურის ფქვილი. შემცირდა? დიახ!
რა გაიზარდა? აი, განსაჯეთ:
გაიზარდა:
• დაემატა ქათმის ფილე, რომელიც ძველ მენიუში საერთოდ არ იყო
• ახალი ხილი
• მცენარეული ხილი
• გაორმაგდა კვერცხის ოდენობა
• გასამმაგდა ყველის ოდენობა
• გაიზარდა თევზის ოდენობა

შემცირდა:
• ამოღებულია ჭვავის პური
• ამოღებულია კარტოფილის ფქვილი
• შემცირდა პურის ფქვილი
• შემცირდა შაქრის ოდენობა
• შემცირდა რძე 10%-ით
• შემცირდა ხაჭო
•შემცირდა მარილი

ნამდვილად კარგი და ბავშვებისთვის სასარგებლო სწორად შერჩეული მენიუა, ბავშვები ეჩვევიან ჯანსაღი კვების წესს,ითვისებენ სრულად და რაც მთავარია აღარ იყრება ამდენი საკვები.”