„მესტია ჭალაჰესის“ პროტესტთან დაკავშირებით თევზაძე საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანას მოითხოვს

გიორგი თევზაძე; საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთში იმართება ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ ელექტროსადგურ „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობას.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნარგიზ ნიგურიანმა სააგენტოს განუცხადა, რომ მოსახლეობა ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან აღნიშნული მშენებლობა დაუშვებელია.

„პროტესტს წინ უსწრებდა შეხვედრა გეოლოგებთან, სეისმოლოგებთან და ა.შ. 11 სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ეს დაუშვებელია ღვარცოფულ მდინარეზე. მაინც ხელის გადაგრეხის პრინციპით ცდილობენ აღნიშნული ჰესის მშენებლობას. ეს არის დანაშაულებრივი პროექტი. ამდენად, მესტიის მოსახლეობა აპროტესტებს ამ ჰესის მშენებლობას. შემოიყვანეს ტექნიკა და მოსახლეობა გადაუდგა წინ“, – თქვა ნიგურიანმა.

თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს ამგვარ პროექტებს, უმართავი პროცესები დაიწყება, აცხადებს აქციის მონაწილე. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, გიორგი თევზაძე, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა:

„როგორც სჩანს მოსახლეობის პოზიციას და მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ და როგორც სჩანს გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერ ფასად განახორციელონ ელექტროსადგურ „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობა. რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რასაც აგრეთვე იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც, ხელისუფლებამ და ზოგიერთმა ინვესტორმაც უნდა გაიცნობიეროს, რომ საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობის დაკარგვის, და მოსალოდნელი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე, არავითარი „ჰესის მშენებლობა“ არ ღირს …., მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტები იქნას ჩამოყვანილი საქართველოში და მათ მიერ იქნეს შესწავლილი აღნიშნული ადგილმდებარეობა და „ჰესის აშენებისათვის “ მიზანშეწონილობის შესახებ დაევალოთ მათ შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადება. რომლის განხილვა უნდა მოხდეს საჯაროთ წესით.

საზოგადოების წარმომადგენელთა, დარგის სპეციალისტებისა, და მოსახლეობის მონაწილეობით …. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ამასთანავე გამოთქვამს მზადყოფნას ადგილობრივი მოსახლეობის მომართვის შემთხვევაში მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დასაცავად გამოყოს ადვოკატებს რომლებიც სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ მათ“ – აღნიშნა  თევზაძემ.