ოთარ ფანცულაია: მარგველაშვილის ლოგიკით საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და არც თვითონ არის პრეზიდენტი!

     ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-„პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განმარტება მისცა: “კანონის მოთხოვნაა რეფერენდუმი ტარდებოდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ მისი ჩატარების შესაძლებლობა გამოირიცხება”.
ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა, ვინმესთვის მისაღებია თუ არა ამ ტიპის რეფერენდუმის ჩატარება. ჩემს ყურადღებას იქცევს მარგველაშვილის ლოგიკას მოკლებული ლოგიკა..

– მარგველაშვილის ლოგიკით 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი უნდა ჩაითვალოს არალეგიტიმურად (???).

– ამავე ლოგიკით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება განახორციელონ რეფერენდუმის გზით გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური უფლება (???).

– ამავე ლოგიკით ნიველირებულია ის ფაქტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილობაში იმყოფება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის 2/3, რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი სახის არჩევნების თუ რეფერენდუმის ლეგიტიმაციისთვის.

– ამავე ლოგიკით საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, ვინაიდან ყველა არჩევნებზე 263 000 (ამომრჩეველია 170 000) დევნილის ხმა ბათილად უნდა ჩაითვალოს, რაც ნებისმიერ შედეგზე მოახდენდა გავლენას.

– აქედან გამომდინარე ლოგიკით გიორგი მარგველაშვილი არ არის პრეზიდენტი, არც პარლამენტის არჩევნებია ლეგიტიმური და არც ოქტომბერში დანიშნული არჩევნებია ლეგიტიმური“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა, რომ არ დანიშნავს რეფერნდუმს ქორწინების განსაზღვრის საკითხზე.

“კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარის დატოვება