“ივანიშვილი დღეს არის მთავარი ოპოზიციონერი, რომელმაც „ოცნებას“ აჯობა”

ბიძინა ივანიშვვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. რას ფიქრობენ და როგორ ხედავენ მის შემდგომ ნაბიჯებს ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ყოფილ პრემიერს და მის გვერდითავ უმუშავიათ.

GmTV რამდენიმე კითხვით არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა.

-დღეს და ალბათ კიდევ კარგა ხანი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იქნება მთავარი თემა. თქვენ კარგად იცნობთ მას, როგორ ფიქრობთ, ის რაც ხდებოდა, მის გარეშე ხდებოდა? თუ გაექცა ერთი მომენტი ხელიდან  მართვის სადავეები და ახლა თითის დასაქნევად დაბრუნდა? რატომ ჩაერია ახლა და რას შეცვლის მისი დაბრუნება?

-მე როგორც ივანიშვილს ვიცნობ, არის ძალიან პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი. რაღაც პერიოდი ვფიქრობ რომ სულაც არ იყო ჩართული პროცესებში და სწორედ ამიტომ გახდა მისი მოსვლის აუცილებლობა. იყო პერიოდი, რომ აღარ იყო პროცესებში ჩართული, მაგრამ გრძნობდა პასუხისმგებლობას.

ბიძინა ივანიშვილს ახლა ბევრად უფრო მძიმე გარემო აქვს, ვიდრე 2011 წელს, მას ახლა უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი და მისი უპირველესი ფუნცია იქნება ადამიანური რესურსების მართვა პარტიაში.

-როგორ ფიქრობ, შეიძლება დაბრუნდა იმისთვის რომ წარადგინოს პრეზიდენტის პოსზე თავისი კანდიდატი?

-მე დღეს ოცნების წიაღში ვერ ვხედავ ადამიანს, რომლის გამოც ივანიშვილი აიღებს პასუხისმგებლობას. ადრე გახსოვთ დეპუტატობის კანდიდატები დაჰყავდა აქეთ – იქით, აი დღეს მისი რეკომენდაციის ეფექტი შეუძლებელია წინა წლებივით მაღალი იყოს.

იქნებ თავად უნდა პრეზიდენტად მოვიდეს?

-ერთის მხრივ რაში სჭირდება, თუმცა მეორეს მხრივ პრეზიდენტობა მას საშუალებას მისცემს ატაროს უმაღლესი დონის შეხვედრები. რად უნდა ეს ყველაფერი? მას სჭირდება თვითრეალიზაცია საერთაშორისო დონეზე, ასევე პატივისცემა, სჭირდება სერიოზული საუბრები მნიშვნელოვან თემებზე, რდგან ასე სერიოზულად კვირიკაშვილს არავინ ესაუბრება, მასთან მხოლოდ ეტიკეტის გამო საუბრობენ, აი ამ ყველაფერს მხოლოდ პრეზიდენტის სავარძელი მისცემს.

-ოცნება დაიშლება?

-პარტიის დაშლა არ იქნება, უბრალოდ ეფექტურად დაალაგებს. ისე გაუშვებს ადამიანებს, რომ მათი პოლიტიკური კრიტერიუმები გაუტოლდება ნულს.

-როგორ ფიქრობ, საზოგადოება დაიჯერებს რომ რაიმე სიახლე იქნება და სიკეთისკენ შეიცვლება?

-მას, როგორც პიროვნებას სათავისოდ ყველაფერი მიღწეული აქვს. პიროვნული კომფორტი არ სჭირდება-აქვს. ვფიქრობ, აქვს აბიციაც იყოს უფრო თვითრეალიზებული და ზენიტში, მაგრამ არის მეორეც-ენანება გაკეთებულის დაშლა, ენანება შექმნილის ამოყირავება. მე არ მაქვს იმისი განცდა, რომ ივანიშვილი ქვეყნის მტერია.  მან რაღაც ქმედითი მართლაც გააკეთა, ეს სხვა საქმეა რაში ვეთანხები და რაში არა.

ივანიშვილი დღეს არის მთავარი ოპოზიციონერი, რომელმაც „ოცნებას“ აჯობა. დიახ, ქართულ ოცნებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და ეს ველი შეავსო ივანიშვილმა.