სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება „ირაკლი მერკვილაძის საქმეზე” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ , 2018 წლის 26 იანვარს, ქუთაისში, ხუთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს, 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან დააპატიმრეს.

ირაკლი მერკვილაძეკ ატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას ,თავს დამნაშავედ არ სცნობს და მხოლოდ სამართლებრივი გზით ცდილობს უდანაშაულობის დამტკიცებას . ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრების ფაქტი ჩვეულებრივი პროცესი არ იყო, რადგან საზოგადოების და მართლმსაჯულების წინაშე იდგა არა ცხოვრების გზას აცდენილი, ან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ან დანაშაულებრივი მენტალიტეტით მყარად გამსჭვალული და სამართალ დარღვევებისადმი პათოლოგიურად მიდრეკილი ადამიანი, არამედ – 34 წლიანი სტაჟის მქონე მეან-გინეკოლოგი, რომელიც 34 წელია ემსახურება ამ ქვეყნად ყველაზე ღირებულს, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ირაკლი მერკვილაძე გახლავთ ექიმი, რომელმაც გაიარა ყველა საფეხური, უმცროსი ექიმიდან დაწყებული სამშობიაროს მეან-გინეკოლოგობამდე და სამშობიაროს დირექტორობამდე. ირაკლი მერკვილაძის ხელში იმშობიარა 12000-ზე მეტმა მშობიარემ, აქედან 5000-ზე მეტი მოხდა საკეისრო კვეთით. მისი მონაწილეობით ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიქმნა ეროვნული პროტოკოლები-სახელმძღვანელოები , რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ექიმებს კვალიფიციურად უმკურნალონ პაციენტებს.უცხოეთის ქვეყნებში პროტოკოლები იქმნებოდა სასამართლო გარჩევების შემადგენელ ნაწილად, რამეთუ განვითარებულ ქვეყნებში პროტოკოლები მოქმედებს მას შემდეგ, როცა დამტკიცდება ექსპერტებისა და სამედიცინო ასოციაციების მიერ, რადგან იქ, მათ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მერკვილაძის საქმის წარმოებისას კი ბრალდებამ ექსპერტად მოიწვია პიროვნება, რომელმაც არ იცის, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლი რეკომენდაცია კი არ არის , არამედ ექიმების მოქმედების განმსაზღვრელი საკანონდებლო აქტია.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გვამის გაკვეთის შედეგად : ბრალდების მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მშობიარის მიმართ, ექიმის მიერ განხორციელებულ ღონისძიებების სისწორეს.

დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ N3 სამშობიაროში, თრომბოემბოლიური და სხვა გართულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად.

გარდაცვლილი პაციენტის ვ. მატინოვას მიმართ, ექიმის მიერ ჩატარებულ ზემოაღნიშნულ ღონისძიებების სისწორეს ადასტურებს, საქმეში არსებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნა მედიცინის დოქტორის, ანგიოლოგის ფარღალავას მსჯელობა: „პაციენტთა რისკ-ფაქტორების შკალის მიხედვით ვ.მატინოვა მიეკუთვნებოდა ვენური თრომბოზის (თრომბემბოლიის) განვითარების საშუალო რისკის ჯგუფს, რადგან მას ჰქონდა მხოლოდ ორი რისკ-ფაქტორი: სხეულის მასის ინდექსი-30კგ/მ2 და გეგმიური საკეიერო კვეთა. აქედან გამომდინარე, მას სწორად ჩაუტარდა ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა“.

პაციენტის საოპერაციოდ მომზადების შემდეგ, ჩაუტარდა ოპერაცია საკესრო კვეთა, „საკეისრო კვეთის“ პროტოკოლის მიხედვით, გართულებების გარეშე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, მელოგინე მე-4 დღეს, ახალშობილთან ერთად, გაეწერა ბინაზე, დამაკმაყოფილ მდგომარეობაში, შესაბამისი რეკომენდაციებით. სამედიცინო საზოგადოება აღშფოთებულია ირაკლი მერკვილაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის და წაყენებულ ბრალდებას სრულ „აბსურდს“ უწოდებს. ირაკლი მერკვილაძის მხარდასაჭერად შეგროვებულია ცნობილი კლინიცისტი ექიმების 2 ათასზე მეტი ხელმოწერა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამაც , რომელსაც 42 დარგობრივი ასოციაცია აერთიანებს შეისწავლა გახმაურებული და რეზონანსული „ ირაკლი მერკვილაძის საქმე“ და აღნიშნულ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს:

-საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. -ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდება, სამედიცინო „სავარაუდო“ შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია. სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მოსალოდნელ მძიმე შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება. განცხადება კეთდება საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი – საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ნემსაძე – საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი გია თომაძე – საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე ყიფიანი- საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ოკრიბელაშვილი – ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუა – უროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ლია ჯანაშვილი – საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე ზურაბ კლიმიაშვილი – საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდომარე მარინა ალფაიძე – ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის 42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს– ნათქვამია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაში.

მოამზადა მაია ცომაიამ