ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა

ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, „Georgia 100 – A Film Fest Feast“, რომელიც 1 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული ფილმები და ქართული კინოკლასიკა. ამასთან, 4 მაისს მაყურებელი იხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკას, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.

ეროვნულ არქივთან პარტნიორობით მოწყობილ ქართული კინოპლაკატების გამოფენაზე წარმოდგენილია 30-80-იანი წლების ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ინგლისურ-ქართული პუბლიკაცია, რომელშიც ამ აფიშების რეპროდუქციები დაიბეჭდება.

ლონდონის ქართული ფილმების მე-5 კინოფესტივალი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.