ახმეტაში სპორტული სკოლის დირექტორს სცემეს

ახმეტის ჭიდაობის სპორტული სკოლის დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამუკა აბრამიშვილი მკურნალობის კურსს ამ დრომდე რაიონულ საავადმყოფოში გადის. ერთ-ერთი ვერსიით ძალადობის ეს შემთხვევა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ინფორმაციას  1tv ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ძიუდოს ფედერაციაში შიდა დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.