“ვერცერთი ოკუპანტი იმაზე უარესს ვერ დაგვმართებს, რასაც საკუთარ თავს ვუკეთებთ!”

გია მურღულია

პედაგოგი

დღეს ქართველი საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს ღირსების წითელი ხაზი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის გავლებული ხაზია. დაუსჯელი ნაძირალა და მოძალადე, ისევე როგორც მათი ხელისშემწყობნი და დანაშაულის დამფარავნი საქართველოს პირველი მტრები არიან. ვერცერთი ოკუპანტი იმაზე უარესს ვერ დაგვმართებს, რასაც საკუთარ თავს ვუკეთებთ. არ შეიძლება მკვლელები და მათი მფარველები დასცინოდნენ ჩვენს ქვეყანას.

ასეთ დროს ხელისუფლებას ძალიან ოპერატიულად ჰმართებს უპასუხოს ხალხის გულისთქმას და შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა – გამოხატოს კარგი მოქალაქისა და არა ბოროტმოქმედთა ინტერესი. ბოროტმოქმედს უსამართლო თავისუფლების “უფლება” არ აქვს.

თუ ვინმე ხვდება, პროკურატურის მოქმედება სწორედ ხელისუფლებას უთხრის ძირს. რის გამო? – მხოლოდ პირადი ინტერესების გამო (თუ ეს ასე არ არის და კიდევ უფრო “ზედა” ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს, საქმე კიდევ უფრო უარესად ყოფილა). საზოგადოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის ამდენი წლის შემდეგაც საქართველოში ვერაფრით მიხვდნენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ კორპორაციული და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას! ეს უზნეობისა და გაუნათლებლობის უშუალო შედეგია.

ხორავას ქუჩაზე პატარა ბიჭების ცინიკური მკვლელობის გამოძიების პროცესი და შედეგები უკიდურესად არადამაჯერებელია. არსებობს მწვავე კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია. ვიღაცა ძალიან კონკრეტული ჩვენ ყველას გვეუბნება, რომ სამართალი ისეთი იქნება, როგორიც მას სურს.

ვინც გინდა იყოს, ამ საზოგადოების საშინელი მტერია და ჩვენ მას უნდა ვუთხრათ: “არა”!

არც ერთი კორპორაციული ინტერესი არ ღირს იმად, რომ სახელმწიფოს საფუძვლები შეირყეს. არ შეიძლება ადამიანს “სიკეთე” კანონის უხეში დარღვევით გაუკეთო. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ის პოლიტიკოსი არ არის. მეტიც – ნებსით თუ უნებლიეთ, ბოროტების გვერდით დგას .

ამ ვითარებით ბევრი შეეცდება, რომ პოლიტიკური სარგებელი ნახოს. უკვე ცდილობენ. ამისთვის “გულწრფელი ემოციის პოლიტიკურ დუღილამდე აწევის” ტექნოლოგიას იყენებენ. რუსთაველზე ახლა ბევრი ის ადამიანიც დგას და დიდად აქტიურობს, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობას უჭერდა მხარს. ეს ადვილად შესამჩნევია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ მმართველი პოლიტიკური ელიტა შესაბამის განცხადებებს არ აკეთებს და ადეკვატურად არ მოქმედებს, შესაძლოა სამართლიანი მოთხოვნა სახიფათო ქმედებაში გადაიზარდოს – რაგინდარა მოსაზრებით, სამართლიანობასთან ხუმრობა და მისი უარყოფა არ შეიძლება. სანამ ხალხი იმოქმედებს, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს!

საქართველოზე მონოპოლია არავის აქვს, გარდა მარადიული ქართველისა. ამგვარი “მონოპოლიის” შექმნის ნებისმიერი მცდელობა (ვისგანაც უნდა მოდიოდეს) უკანონო და უპერსპექტივოა.

საქართველოსთვის ეს ყველაფერი ტესტია. თუ ჩვენ ყველა ერთად ვერ მოვახერხებთ სამართლიანი სახელმწიფოს შექმნას (რა საზარელი და სამწუხაროა, რომ დღემდე ეს ვერ ხერხდება!), მაშინ წინა პლანზე მთავარი კითხვა გამოვა: “მაშინ რა საჭიროა საერთოდ ასეთი სახელმწიფო?!”

უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ კანონი ნაძირლების ხელყოფისგან. არ შეიძლება კანონის დაუსჯელი იგნორირება ბოროტმოქმედთა ხელში სხვათაგან დაუძლეველ იარაღად იქცეს.

იქ, სადაც კანონს აუპატიურებენ, პატიოსანი ადამიანის ადგილი არ არის.