გაფიცულ მემანქანეებს ომბუდსმენის წარმომადგენელი და კახა კოჟორიძე შეხვდნენ

მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა და პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეხვდნენ. თოდუას თქმით, ნინო ლომჯარია პროცესებს აკვირდება. თოდუამ ასევე თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მემანქანეებისთვის სამუშაო საათებში გაფიცვის შეზღუდვაზე საშიში პრეცენდენტია. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

“ჩვენთვის საინტერესო იყო, შეგვეფასებინა, რანდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს დღევანდელი მოვლენები. მათ გაფიცვა დაიწყეს სწორედ დასვენების დროის განმავლობაში, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად კანონიერია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვთ დასაქმებულებს და ამ უფლების რეალიზაციის ძირითადი არსი არის  ის, რომ დამსაქმებელზე რაც შეიძლება დიდი წნეხი განხორციელდეს და მას მიადგეს ზარალიც კი სამუშაოს შეუსრულებლობით, რათა დასაქმებულებმა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლმა, თათული თოდუამ.

კახა კოჟორიძე კი მემანქანეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ. მემანქანეების თქმით, ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.