ფერისცვალების მადლი გფარავდეთ-გილოცავთ!

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

 კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

   მთელი ქვეყნიური ცხოვრება კეთილ-გონიერის ქრისტიანისა, სხვა არაფერი არ უნდა იყოს, გარნა ერთი მხოლოდ განუწყვეტელი და ხარისხითი-ხარისხად აღმავალი სულიერი ფერისცვალება, ესე იგი შეცვალება, ანუ გადასვლა არა-კეთილისა სულიერისა მდგომარეობისა და ხასიათისა, კეთილსა და წმიდასა მდგომარეობასა შინა, და ესრედ აღსვლა მდაბლისა ხარისხისა – უმაღლესსა ხარისხსა ზედა სიწმინდისა და სათნოებისასა. სულიერი ცხოვრება და მდგომარეობა ქრისტიანისა თანდათან, დღითი-დღე უნდა იცვლებოდეს, განახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, ამაღლდებოდეს.

… ცხადი არის, რომელ თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა; რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ გული მისი მუდამ იყო აქ აღვსებული ბოროტებითა, ამაოებითა, ცოდვითა, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განათლდება?

        წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

კომენტარის დატოვება