“მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ბიზნესის მოსაზიდად მიწისქვეშა პარკინგის მოწყობისთვის”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ჩაშლილი ტენდერის მიუხედავად, თბილისის მთავრობა მუშაობას აგრძელებს.

-დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რამდენიმე თვის წინ ოპოზიციის მხრიდან მიწისქვეშა პარკინგისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაზე ატეხილი აჟიოტაჟი იყო პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს იყო მათი მხრიდან შეგნებულად, მიზანმიმართულად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ასევე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირის წინ, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, განაცხადი არც ერთ კომპანიას წარმოუდგენია.

ჩვენ მზად ვართ, დამატებით განვახორციელოთ საჭირო ღონისძიებები; გავაგრძელოთ მუშაობა ბიზნესის მოსაზიდად და დავაინტერესოთ თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხით. უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.