“ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ, ხალხს კი დიდი ძალა აქვს, დაიქუხებს ქართული მრავალჟამიერი!”

‘’ხალხის პარტიამ’’  ყრილობაზე გენერალურ მდივნად მამისა ჯაფარაშვილი აირჩია. რა გეგმები აქვს პარტიას და როგორ აპირებს უამრავ პარტიას შორის თავის  დამკვიდრებას?

ამ და სხვა კითხვებით მამისა ჯაფარაშვილს დავუკავშირდით.

-თქვენ «ხალხის პარტიის“ გენერალური მდივანი გახდით, პირველ რიგში გილოცავთ.

-მადლობა, მართლაც პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე.

-რით განსხვავდება „ხალხის პატრია“ სხვა პარტიებისგან და უამრავ პარტიას შორის რატომ უნდა შეაჩეროს საზოგადოებამ არჩევანი თქვენზე?

-სხვა პარტიებისგან  ჩვენ გამოგვარჩევს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართის ხალხი, ვისაც ხალხზე ზრუნვა სულიერ მოთხოვნილებად აქვს ქცეული, თან ჩვენი პოლიტიკაში წასვლაც ხალხის მოთხოვნაა, ჩვენ კი არ ვთავაზობთ თავს, ამირჩიე , მოვდივარო, პირიქით, ხალხიდან გვაქვს დაკვეთა, რადგან ანაზღაურების, თანამდებობრივი ვალდებულების გარეშე წლებია ხალხს ვემსახურებით, არც პოლიტიკაში წასვლა იყო თვითმიზანი, ერთადერთი იმიტომ გადავწყვიტე, რომ უფრო მეტის გაკეთება შევძლო ჩემი ხალხისთვის და დავაყენოთ პრეცედენტი, ხალხმა თვითონ გვთხოვა, იყარეთ კეჭი, რომ არჩევნებზე წავიდეო.

-ცვლილებების დროაო-ამბობთ, როგორ ფიქრობთ, მიღწევადია? და როგორ გესახებათ ცვლილებების პროცესი.

-დიახ, ცვლილებების დადგა დრო, უკვე სიტყვით მარტო არავინ დაუჯერებს ე.წ. პოლოტიკოსებს, საქმე უნდა გქონდეს გაკეთებული, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამომსვლია , როგორც მინდოდა, მაგრამ ხალხი ხედავდა რომ მტკიოდა მისი სატკივარი, თან ჩემი მცდელობა ყოველთვის მიზეზთან ბრძოლა იყო, ისე კი არა ჩვენი პოლიტიკოსები ესპერიმენტებს რომ აწყობენ  და თან ამაში მილიონობით ფულს ფლანგავენ. ყველაზე მტავარი კი ის არის, რომ პირველობისთვის კი არ ვიბრძოდი, არამედ ვეძებდი იდეურად მოკავშირეებს და კიდევაც ჩამოვყალიბდით გუნდი.

-თქვენი დევიზია – „შენი მომავალი შენს ხელშია!“ – სამწუხაროდ, როცა ოპოზიცია უკვე სამთავრობო გუნდში ინაცვლებს, ავიწყდება ხალხი, ეს აქსიობაა და დამეთანხმებით. რა ბერკეტი აქვს ამომრჩეველს, რომ თქვენს შემთხვევაშიც ანალოგიური არ მოხდება?

-ჩვენ ხალხის ნებას ვასრულებთ, უბრალო ადამიანები ვართ და ვიცით, რომ თუ გადაცდომა გვექნება ხალხი არ გვაპატიებს, ბერკეტი კი არის ის, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვხედავთ ხალხის თვალით რომ გასაკეთებელია, ვიბრძვით წლებია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც პირადად ჩვენ, უბრალო ადამიანებს გვეხება და ამიტომ, ვერც სკამი შეგვცვლის და ვერც რბილი სავარძელი, მითუმეტეს რომ არც მერე ვაპირებთ სვარძლებში ჯდომას, როგორც ახლა „ვწოწიალობთ“-სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და ვართ ხალხის გვერდით, ასე იქნება მუდამ.

-აშკარაა, რომ 2020 წლისთვის ემზადებით, დღევანდელი გადასახედიდან, რა შანსებს ხედავთ?

-ხომ გითხარით-ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ, ხალხს კი დიდი ძალა აქვს.

-რას ეტყვით დღეს ხალხს, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი აი ამ წუთში.

-განგაშის ზარები რეკენ, ქართველი ერი კარგავს ყოველგვარ უფლებას თავის ქვეყანაზე, საქართველოზე.
ჩვენს ერთმანეთის დაჭმაში, მტერმა ჩაიგდო ხელში ქვეყანა, ყვაყ- ყორნები დაესიენ და დაკორტნეს, დახრეს, დაჭამეს ჩემი, შენი ქვეყანა, ჩვენთვის ნასუფრალიც არ ემეტებათ.
ფინანსური მახინაციებით ვალებში ამოგვახრჩეს, სახლების, ქონების დაკარგვაში ფული ჩვენ გვახდევინეს.
სამშობლოდან გადახვეწაში პროცენტიანი ვალები აგაღებინეს, სული დაგვიფლითეს, მაგრამ არა, საქართველო ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგება, დაიქუხებს ქართული მრავალჟამიერი!