“ვაგრძელებდით მუშაობას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლებში ბულინგის აღმოფხვრის სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2-ეტაპიანი კვლევის საფუძველზე შეიმუშავა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვა ბულინგის აღმოსაფხვრელად. „ერთი თვის წინ დავასრულეთ მუშაობა მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად 4-თვიანი მუშაობის შედეგი იყო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ერთი კრიტიკული ელემენტი, მაგრამ არაერთადერთი. ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

მისი ინფომაციით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში კვლევის პირველ ეტაპზე 30 000, ხოლო მეორე ეტაპზე – 35 000 მოსწავლე გამოიკითხა. ასევე, შესწავლილი იქნა საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განმარტებით, უსაფრთხო სკოლის ამოცანაა პოზიტიური, უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი, ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს ფორმირება სკოლაში და შემდგომში მისი მართვა, რაც განაპირობებს როგორც აკადემიურ წარმატებებს, ასევე პიროვნულ განვითარებას. „უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც აუცილებელი წინაპირობა განათლებისათვის“, – განაცხადა ლია გიგაურმა. დღეს მან ისაუბრა უსაფრთხო სკოლის რამდენიმე კომპონენტზე:

  • ფიზიკური უსაფრთხოება,
  • ფსიქო-ემოციური უსაფრთხეობა,
  • კონფლიქტების და ბულინგის პრევენცია და მართვა.

მიმოიხილეს საქართველოს სკოლებში არსებული სიტუაცია, იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაში უკვე მოქმედებს, ეფექტური მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.

სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინდიკატორები, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების, ასევე რეაგირების, ბულინგის, საგანგებო სიტუაციების მართვის თვალსაზრისით უნდა იყოს ინტეგრირებული სკოლების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სქემებში და მოგვცემს საშუალებას, დინამიკაში დავაკვირდეთ სიტუაციის ცვლილებას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მას მიაჩნია, რომ სახელოვნებო და სპორტული განათლება მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ სწორედ სპორტული და სახელოვნებო განათლების კომპონენტის გაძლიერებით შეძლო ძალადობის როგორც პრევენციის გაუმჯობესება, ასევე მოსწავლეთა შორის კონფლიქტის აღმოფხვრა“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.