“ინფორმაცია, რომ ვარ ყრილობის სათავეებთან, სიმართლეს არ შეესაბამება…”

თემურ ჩალაბაშვილი
პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

-მასმედიის საშუალებით შევიტყვე, რომ 6 ივლისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა”, რომელმაც, ინიციატორების თქმით, უნდა შეიმუშავოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა და მოამზადოს აღთქმის ტექსტი, რომელსაც დადებს ერი და ბერი ღმერთის წინაშე.

ასევე, მასმედიის საშუალებით შევიტყვე, რომ მე ყრილობის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული ვარ ყრილობის სათავეებთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი :

ბატონებო, თქვენ იცით, რომ სამშობლოს სიყვარულში და მის ჭირისუფლობაში მე არასოდეს უკან არ დამიხევია და ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შემოქმედებით თუ ცხოვრებით, მალამოდ დავდებოდი მამულს იარებზე. არც პოლიტიკაში გავრეულვარ და არც დითირამბები მიმღერია ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ, რადგან მუდამ მწამდა – სამშობლოს უანგარო სამსახური აღემატება ყოველგვარ პოლიტიკას და პარტიულობას.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ყრილობის ორგანიზატორების მიმართ, თუკი ისინი ნამდვილად მიმიჩნევენ ერის ღირსეულ შვილად. მე გახლდით მათთან მისული, რათა გამეგო მათი მიზნები, რაც სრულიადაც არ ნიშნავდა იმას, რომ მე უყოყმანოდ ვიზიარებდი მათ გეგმებს. მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან შეუთანხმებლად დამასახელეს მასმედიის საშუალებით, როგორც ამ ყრილობის სათავეებთან მდგომი ადამიანი, რამაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გამაკვირვა. ასევე, გაუგებარი იყო მათი განცხადება, რომ თურმე ყრილობა იმართება რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მაშინ, როცა თავად მეუფე უარყოფს ამას. მეტიც, აღმოჩნდა, რომ არც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოფილა ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს საპატრიარქომ და გაემიჯნა ამ ყრილობას.

მე, როგორც ჩვენი დედა-ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის სულიერი შვილი, ბუნებრივია, ვიზიარებ მის პოზიციას და აქედან გამომდინარე, ვერ მივიღებ მონაწილეობას ყრილობის მუშაობაში, რადგან ღრმად მწამს: ყველაზე დიდი მამულიშვილობის კელაპტარი სწორედ ჩვენს უწმინდეს პატრიარქთან ანთია და სადაც კი მას არ დავუჯერეთ, მწარედ ვიწვნიეთ კიდეც გამოუსწორებელი მარცხის შედეგები.

სადაც მოგვიწოდებს ჩვენი დედა-ეკლესია, მე ყოველთვის მზად ვარ არათუ დავდგე იქ, არამედ, თუ საჭირო გახდა, ჩვენი მაღალღირსეული წინაპრებივით, საკუთარი სიცოცხლეც მივიტანო სამშობლოს სადარაჯოზე.