ბრალი, რომელიც კუპრავას წაუყენეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფლებადამცველ ზვიად კუპრავას საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ ბრალი წაუყენეს. მას გამოძიება სასამართლოს წევრის შეურაცხყოფას ედავება.

საქმე ეხება 11 ივნისს სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს. კუპრავა დანარჩენ პირებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული, როდესაც მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.

კუპრავამ განაცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს.

სასამართლოს უპატივცემულობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია (366-ე მუხლი). კუპრავას ბრალი ამ მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.