„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში, ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ”

გიორგი მარგველაშვილმა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს“.

ტრადიციულად, მის განცხადებას მაშინვე მოჰყვა კომენტარები უმრავლესობაში. დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ “კაცი, რომელიც თავის თავს პლასტელინს უწოდებს” ანუ “პლასტელინა არ უნდა აგვერჩია”. ამ სიტყვებს ისე დაბეჯითებით ამბობდა, იფიქრებდი-თავად ხმა სულ არ აქვს მიცემული და არც ინაუგურაციაზე დაუკრავს ტაში და არც “პლასტელინას” წარმდგენისთვის მიუცოლავს გამარჯვება.

პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და განაცხადა, რომ მარგველაშვილს კი სურს გამოიწვიოს ისინი კინკლაობაში, მაგრამ უმრავლესობის “სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ“!

-„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ”

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები და ამ ვადებში დასახელდება, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები მაშინ, როდესაც თავად პრეზიდენტსაც არ გამოუცხადებია საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ასეულობით წევრისგან შედგება, პრეზიდენტს კონსულტაციების გავლა არ სჭირდება და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს.

„ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი თავადაც არ აცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მას არ სჭირდება არავისთან კონსულტაციების გავლა, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც შედგება უამრავი წევრისგან, მათ შორის, პოლიტიკური გუნდი არის წარმოდგენილი ასეულობით ადამიანით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული კონსულტაციების გავლა და ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან, კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.