ვიღაც ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები და კვარაცხელიები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვერ შეძლებენ!

F-news   

არჩილ ჭყოიძე

ვისაც ჰგონია, რომ რუსეთთან ურთიერობის მოგვარება მარტივია,  ძალიან მიამიტია.  ასევე, ის ვინც ფიქრობს, რომ საქართველოა  ამ ყველაფერში დამნაშავე და რუსეთი არაფერ შუაში არ არის,  უბრალოდ ბრიყვები არიან. ხოლო დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში პრო-რუსულ ძალებს თუ გადავხედავთ, ისინი არამც თუ ურთიერთობების მოგვარებას, არამედ მის გაუარესებას ემსახურებიან.

– ჯერ კიდევ 2000 წლიდან მოყოლებული საქართველოში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენისთვის რამდენიმე პოლიტიკური პარტია და კერძო პიროვნება იყო ჩართული. პირველი ეს იყო ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული კავშირები რუსეთში, ჰქონდა პირადი შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოეხდინა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის შემდგომ ალექსანდრე ჭაჭია შეეცადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას  რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილია რუსულ პოლიტ ელიტაში, აქვს ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიან ჩინოვნიკებთან და ასევე პირადად იცნობს ვლადიმერ პუტინს. გარდა ამისა, ნათესავური კავშირი აქვს ერთ-ერთ რუს მაღალჩინოსანთან,  სამწუხაროდ, მანაც ვერ შეძლო ურთიერთობების დალაგება რუსეთთან.

ასევე გავიხსენოთ მიხეილ ხუბუტია, რომელსაც ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ აღედგინა ქართულ-რუსული ურთიერთობები, მასაც ასევე გააჩნდა კარგი კონტაქტები, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და ასევე საკმაოდ სერიოზული ფინანსური საშუალებები იმისა, რომ ეწარმოებინა პარტიული მოღვაწეობა, მასაც არაფერი გამოუვიდა. იგივე შეიძლება ითქვას პეტერბურგელ ბიზნესმენზე ალექსანდრე ებრალიძეზე, რომელმაც ასევე დაარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, ასევე ჰქონდა კონტაქტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავად პუტინთან, ასევე რუსეთის ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ფინანსური საშუალებებიც საკამოდ სერიოზული გააჩნდა, თუმცა მანაც ვერ მოახერხა ამ ურთიერთობების აღდგენა და ასევე ნინო ბურჯანაძე, რომელიც შეხვდა პუტინს, რამდენიმე დღის წინ შეხვდა რუსეთის დუმის სათათბიროს თავმჯდომარეს ნარიშკინს, აქვს სერიოზული შეხვედრები სხვა მაღალჩინოსნებთანაც.

ამ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირები და შეხვედრები რუსეთის პირველ პირთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, მრავალი წლის მანძილზე ვერ შეძლეს ამ ურთიერთობების დალაგება და ამ დროს გამოდიან ვიღაც, ჩიტიშვილ-გვრიტიშვილები, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთ თვეში და ორ თვეში მოაგვარებენ ურთიერთობებს.

კვარაცხელიამ წარმოადგინა კომპარტიის ერთ-ერთი დეპუტატი დუმაში, ვლადიმერ სიმაგინი, რომელიც თითქოს და სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ დროს სიმაგინს არავინ არაფერს არ ეკითხება და არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ის არის კომპარტიის ერთი რიგითი დუმის დეპუტატი. 

ჩიტიშვილზე ვფიქრობ, საუბარიც ზედმეტია, კაცი, რომელიც სააკაშვილის ფიტულებით დარბის, არა მგონია რაიმე კავშირი ქონდეს რუსეთის პოლიტ ელიტასთან, ასევე მან ჯერ ვერ გაარკვია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რომელია მისი სამშობლო, საქართველო, ოსეთი თუ რუსეთი. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვთქვათ რომ დღესდღეობით საქართველოში რეალურად არ არსებობს არც ერთი პარტია- პრო რუსულ პარტიებზე მაქვს საუბარი, რომლებიც შესძლებენ რაიმე სახით ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. მეტიც ამ პარტიათა უმრავლესობა ემსახურება ქართულ რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას

P.S. ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა პატიაშვილი, ებრალიძე, ჭაჭია, ხუბუტია და  ბურჯანაძე, რომლებისთვისაც პუტინთან შეხვედრა და საუბარი პრობლემა არ იყო, მაგრამ ვერ მიაღწიეს შედეგს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და ახლა კი  ვიღაც გვრიტიშვილი და კვარაცხელია სიმიოგინს რომ შეხვდებიან, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება, ისინი მოაგვარებენ რუსეთთან ურთიეთობებს?!.”

კომენტარის დატოვება