“ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა სავალდებულო უნდა იყოს ყველა სრულწლოვანისთვის ანუ…”

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

საზოგადოება დაიღალა კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაძირული ქვეყნის შემხედვარე. საზოგადოება გაღარიბდა და შიმშილობს იმიტომ, რომ პროცესები იმართება კორუფციისა და ნეპოტიზმის საფუძველზე. შესაბამისად, დოულათის გადანაწილება ხდება მხოლოდ კლანური პრინციპით – კორუმპირებული კლანების კომფორტის ზონა იზრდება რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე.

დღეს შეუძლებელია პიროვნულ დონეზე წარმატების მიღწევა, თუ არა ხარ მმართველი კლანის წევრი, ან მისი გარემოცვის წარმომადგენელი. ეს კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გაბატონდა გარემო, სადაც ქრთამი და ნეპოტიზმი ეფექტურია. ზუსტად ეს გარემო განაპირობებს ოლიგარქიული სისტემის არსებობას და მის გაძლიერებას. ამ ბოროტების მოსპობა შესაძლებელია მხოლოდ ფუნდამენტალური რეფორმების გატარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამჭვირვალობა კი წარმოშობს ნდობას, რომელსაც ეფუძნება პოლიტიკა. პოლიტიკაში ყველაფრის განმაპირობებელია ნდობა. თუ არ არსებობს ნდობა, არ არსებობს პოლიტიკური სიმწიფე და არ არსებობს პოლიტიკა.

სახელმწიფოს სიმწიფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სამოქალაქო სოლიდარობის ხარისხი. ეს ფაქტორი თავის მხრივ განპირობებულია მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული ნდობის მაღალი ხარისხით. არავინ დაგიდგება გვერდში თუ არა გაქვს ნდობა. არავინ გამოგყვება სიმართლისთვის ბრძოლაში უანგაროდ, თუ არა გაქვს ნდობა. ზუსტად ამ მოცემულობის არსებობა გარანტირებულად მეტყველებს სახელმწიფოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების სიჯანსაღეზე. ამგვარი მოცემულობის შექმნისთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას, გამჭვირვალობას ყველაფერში – პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა.შ. გამჭვირვალობაზე აგებული მაღალი ხარისხის ნდობა არის შემდგარი საზოგადოების, შემდგარი სახელმწიფოს უმთავრესი მახასიათებელი. მხოლოდ ამ მოცემულობაში არსებობს წარმატებული საზოგადოება და მხოლოდ ამ მოცემულობაში ფუნქციონირებს წარმატებული სახელმწიფო. ამ მოცემულობით არის განპირობებული ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომელშიც წარმატებას აღწევენ საუკეთესოები და მხოლოდ ასეთ გარემოში მარცხდება კორუფცია და ნეპოტიზმი.

ამ მიზნის მიღწევის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მტკიცე ნებას გაატაროს ის ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც მოტივირებულია უმაღლესი ხარისხის გამჭვირვალობაზე და ნდობაზე აგებული კონკურენტული გარემოს შექმნით.ამ რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედად უნდა იქცეს „ფიზიკური პირების ფინანსური მონიტორინგის სამსახური“. რას ნიშნავს ამ სამსახურის არსებობა ქვეყანაში და რა მიზნებს ემსახურება ის?

„ფიზიკური პირების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ პირველხარისხოვანი მიზანია მოქალაქეთა შორის მაღალი ხარისხის ნდობის გაჩენა. მათ შორის მოქალაქეთა ნდობის გაჩენა იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის აწმყოს და მომავალს. მესმის, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე ვალდებულია აწარმოოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება. მაგრამ, ამჯერად მე ვსაუბრობ დეკლარირების იმ პროცესზე, რომელიც გარანტირებულად გამჭვირვალეს ხდის მოქალაქის მოღვაწეობას, მის საქმიანობას და ქონებრივ მდგომარეობას პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, მისი ცხოვრების გამჭვირვალობას სახელმწიფო მოხელის კარიერის დაწყებამდე. უბრალო მაგალითიც საკმარისია, რათა ამ თემის აქტუალურობის ხარისხმა მიიღოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. მაგალითად: ვერც ერთი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი, ვეღარ შეძლებს „გააპრავოს“ კორუფციული შემოსავლები იმ არგუმენტით, რომ მშობელმა აჩუქა ფული, რომლის წარმოშობის წყაროც შენიღბულია ამ შობლის დანაზოგით. ვერცერთი მაღალჩინოსანი ვეღარ შესძლებს კორუფციული ქმედებების შესანიღბად, უკანონო შემოსავლების გათეთრების მიზნით უძრავი ქონება გააფორმოს ოჯახის წევრზე ან ახლობელზე.  ამგვარი სამსახურის არსებობა აბსოლუტურ უპირატესობას მისცემს იმ პატიოსან მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვიტავენ სუფთა ხელებით მოვიდნენ პოლიტიკაში და მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ფორმირებაში. შესაბამისად, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი უპირატესად ექნებათ სუფთა წარსულის მქონე იდეალისტებს და არა იმ მედროვეებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან საკუთარი საეჭვო ბიზნეს ინტერესების ლობირებისთვის. ეს რეფორმა საშუალებას მოგვცემს დავიცვათ პოლიტიკა, პოლიტიკური გარემოიმ სიბინძურისგან, რომელიც შემდგომში წარმოშობს გაზულუქებულ მაჟორიტარებს და კლანების წარმომადგენლებს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

მოკლედ, რომ ვთქვათ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა სავალდებულო უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის, რომლმაც მიაღწია სრულწლოვანებას. მითუმეტეს, რომ ციფრული ტექნოლოგიების დღევანდელი დონე და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება მაქსიმალურად ამარტივებს ამ სახელმწიფო ორგანოს მიერ შესასრულებელი ამოცანების ადმინისტრირებას და მარტივად გამოსავლენს ხდის ნებისმიერი ტიპის კორუფციულ რისკებს.

გარდა ზემოთ განხილული მიზნებისა, აღნიშნული სამსახურის არსებობა მნიშვნელოვანწილად ეფექტურს ხდის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და მაქსიმალურად ამცირებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს. მთლიანად სპობს პოლიტიკურ შემადგენელს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ასევე, ამარტივებს სოციალური სამსახურების საქმიანობას, რომლებიც დღევანდელი მოცემულობით პასუხისმგებელნი არიან ამ ამოცანების გადაჭრაზე და მაქსიმალურად ამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს ამ სოციალური სამსახურების საქმიანობის განხორციელებაზე. იმიტომ, რომ ამგვარ სოციალურ სამსახურებს მნიშვნელოვანწილად უმცირდებათ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა ადმინისტრირების ნაწილში.

ჩემი აზრით „ფიზიკური პირების ფინანსური მონიტორინგის სამსახური“ უნდა შეიქმნას ფინანსთა სამინისტროს „შემოსავლების სამსახურის“ შემადგენლობაში და მჭირდოდ იქნას მიბმული ამ სამსახურის მონაცემთა ბაზას. რაც გაამარტივებს ადმინისტრირებას და მაქსიმალურად დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს ფუნქციების ეფექტურად განხორციელებაზე. ნუ გვეშინია გამჭვირვალობის. ეს არის ჯანსაღი საზოგადოების შექმნის პანაცეა, რომელიც ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ, ცივილიზებულ მომავალს.