ტექდათვალიერების შედეგად გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 389 ავტოსატრანსპორტო საშუალებას

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბოლო მონაცემებით,​ ინსპექტირება მიმდინარე წელს საერთო ჯამში გაიარა 50 994-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის შემოწმდა იურიდიული პირების კუთვნილი – 14 598 ავტომობილი.

ტექდათვალიერებამ აჩვენა, რომ გამართული იყო 37 722 (73.97%) ავტომობილი.

ინსპექტირების დროს ხარვეზი აღმოჩნდა 11 883, ანუ 23.30%-ის შემთხვევაში. განმეორებითი ტექინსპექტირება გაიარა 8 403-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, ანუ 70.71%-მა. განმეორებითი შემოწმებისას ისევ ხარვეზი აღმოჩნდა 365 (4.343%).

გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 389 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რაც 2.723%-ს შეადგენს.

ამასთან ცნობილია, რომ საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.