ვის ტყვეობაშია პატრიარქი, ვინ ურჩია გადადგომა, რატომ გარისკა მეუფე გრიგოლმა და გარე ძალები…

საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს, ამ ბოლო დროს კი საკმაოდ დიდი და არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია მეუფე გრიგოლის განცხადებებმა.

რა ხდება საპატრიარქოში, არის თუ არა პატრიარქი ტყვეობაში და ვის ინტერესებში შედის მისი გადადგომა – ამ საკითხებზე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ მდივან, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ვესაუბრეთ.

_ სხვადასხვა კონფიდენციალურმა წყარომ არაერთგზის მაცნობა, რომ იგეგმებოდა კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მსგავსი შეთავაზება, რათა ამ მეთოდით უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო მოსაყდრე შიოსთვის კათოლოკოსის-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება, ეს იყო ხელოვნური ჩარევა გარედან ინსპირირებული, რომელიც რეალურად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის მოტივირებული და ანგაჟირებული, რამეთუ მათი ინტერესების სფეროა საქართველოს ეკლესიაში შენარჩუნდეს კურსი და ვექტორი ჩრდილოვანი ეკლესიის მიმართ, რომ უნისონში იყოს კვლავინდებურად საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაცია რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ შეხედულებებთან, რაც დღეს გარკვეულწილად ორმაგად გამძაფრებულია. აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებულმა რეზონანსმა ფაქტობრივად უკან დაახევინა მომხდურს და დიდი ალბათობით მსგავს გადაწყვეტილებას ვეღარ სრულყოფენ.

თქვენც გაქვთ ინფორმაცია, რომ პატრიარქს გადადგომას თხოვდნენ?

– რამდენიმე თვის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ პატრიარქი დაერწმუნებინათ გადადგომის აუცილებლობაში. ისინი ამას ხსნიდნენ ვითომდა იმ მდგომარეობით, რომ მისი უწმინდესობა ფიზიკურად არის დაუძლურებული და მას არ შეწევს უნარი გაუძლოს წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს, რომელიც ეკლესიაში არსებობს. ამავდროულად თამამად აცხადებდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უმჯობესი იქნება მეუფე შიოსთვის და მას გაუიოლებს იმ მიზანს, რაც დაისახა საპატრიარქომომ. ცხადია, იგულისხმება მეუფე შიოს პატრიარქად დადგინება. სინამდვილეში უნდა გვახსოვდეს, რომ საეკლესიო სამართლისა და ადგილობრივი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა არის არჩევითი, მას ირჩევს გაფართოებული საეკლესიო კრება, წმინდა სინოდი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის მემკვიდრეობითია. ეს კანონიკური თვალსაზრისით ყოვლად დაუშვებელია. მეუფე შიოს გარემოცვა, კონკრეტულად ის პირები, რომლებსაც გავლენები აქვთ, ცდილობენ შექმნან იმგვარი განწყობები, თუკი არ აირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დასახელებულ სიმპათიას, თითქოს და ამით ისინი „ურჩობას ავლენენ“, რაც სავსებით პროფანირებული, არაადექვატური, მზაკვრული და მიუღებელი ლოგიკაა ორი ათასწლოვანი საეკლესიო სამართალის პრინციპების შუქზე. დებულების თანახმად, მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა იყოს და იქიდან არჩეულ იქნას ერთი. ამ შემთხვევაში თუკი ურჩობასთანგ ვაქვს საქმე, ის დანარჩენი ორი კანდიდატი გამოდის რომ კადნიერი დესტრუქციულობით მიდის მამამთავრის წინააღმდეგ? ეს ხომ არის სრული ნონსენსი, აბსურდი და შეუსაბამობა რეალობასთან, საეკლესიო ტრადიციასთან, წმინდა დიდრჯულის კანონთან და იმ მრავალსაუკუნოვან სწავლებასთან, რაზეც ეკლესი ადგას, როგორც „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“. რწმენა დგას ქრისტეზე და არა ავტორიტეტებზე! ამდენად, ვიღაცეები ცდილობენ, რომ მრევლის წარმოდგენები აამღვრიონ, კანონიკურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი და დილეტანტი საზოგადობა შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან დეზორიენტირებული განწყობები, რაც გარკვეულ მღელვარებას გულისხმობს. მათთვის მნიშვნელოვანია ეკლესიაში იყოს დესტაბილიზაცია, ამ ფონზე ვითომდა მეუფე შიო მოგვევლინოს ამ სიტუაციის დაცხრობის წინამძღოლად და დამაწყნარებლად. სინამდვილეში ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ მისი უცნაური გარემოცვის მიერ არის ეს მღელვარება პროვოცირებული. ეს ერთმნიშვნელოვანად უნდა ითქვას. თავადაც ასოცირებულია რუსეთის КГБ-სეულ საეკლესიო წრეებთან. იგი დაუსწრებელზე სწავლობდა მოსკოვში, როგორც სამთავრობო ელიტაში, ასევე საეკლესიო იერარქიაში ჰყავს მხარდამჭერები. მივყვეთ ქრონოლოგიას და გავიხსენოთ როგორ მოხდა მოსაყდრეთ მისი დადგინება.

_რას გულისხმობთ?

_2017 წლის 1 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა საქართველოში, ვითომ და იმ მოსაზრებით, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებული პოლიარქია, ანუ კანონიკური ქაოსი დაერეგულირებინათ, ამ კუთხით უნდა შექმნილიყო ორმხრივი კომისია, რომელიც მოაწესრიგებდა სიტუაციას. სინამდვილეში ეგ წინადადება ფორმალური მიზეზი და საბაბი იყო, რადგან რეალურად დღემდე არც კი შექმნილა არანაირი კომისია. 3 კვირის თავზე კი კათოლიკოს-პატრიარქმა გიორგობის დღესასწაულზე, ერთგვარი მისტიფიცირებით მოსაყრდედ დაასახელა მეუფე შიო. მისი უფლებამოსილება სადღეისოდ აბსოლუტურად ყოველგვარი ვალდებულებების გარეშეა, ვინაიდან კანონის თანახმად მისი თანამდებობა, ძალაში შედის მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუკი პატრიარქი გარდაიცვლება ან თუკი გადადგება. შესაბამისად მეუფე შიოს ლეგიტიმურ ძალაუფლებაზე საუბარი სრულიად ალოგიკურია.

_მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების შემდეგ არაერთხელ ითქვა, რომ ის არის პატრიარქის რჩეული და თავად უწმინდესმა მიიღო დამოუკიდებლად ეს გადაწყვეტილება. ვნახეთ, რომ ბევრი მღვდელმთავრისთვისაც ეს სიურპრიზი იყო, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არ იყო პატრიარქის არჩევანი? რატომ შეგაქვთ ეჭვი?

_ცხადია, ჩვენ არ ვიცით ნიუანსები თუ რა ვითარებაში დაასახელა კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ. მე ვამბობ მხოლოდ მოსაზრების და ვერსიის დონეზე ამას და რასაკვირველია ცხადია, დაბეჯითებით რაიმეს თქმა გამიჭირდება,  უბრალოდ გარედან ვაკეთებ ამ ანალიზს. ამრიგად, სპეკულაციებისგან და ინსინუაციებისგან თავს შევიკავებ, ეს უბრალოდ ჩემეული ახსნაა იმასთან დაკავშირებით, რაც სადღეისოდ სუფევს საპატრიარქოში, რაც ვფიქრობ, აზრს მოკლებული არ უნდა იყოს, რამეთუ ამჟამინდელი ექსტრემალური ვითარება გონივრულ ეჭვებს ბადებს. აქვე მოკრძალებით დავძენ, რომ არავითარი განსაკუთრებული თვისება თუ უნარი მისმეუფება შიოს არ გააჩნდა, რომ მასზე შეჩერებულიყო არჩევანი და ის გამხდარიყო სხვებთან მიმართებით უპირატესი, რადგან მისი 15-წლიანი მეუფება არის ძალზეც დაბალეფექტიანი და უნაყოფო. ერთობ გაუგებარია რატომ შეაჩერა მასზე პატრიარქმა არჩევანი, მხოლოდ იმიტომ რომ იგი ელეგანტური პიროვნებაა? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთში აქვს განათლება მიღებული? იმიტომ რომ მუსიკალური ცოდნა გააჩნია? (სინამდვილეში ვიოლონჩელოს კურსიც არ დაუსრულებია) ეს ხომ ბადებს ლოგიკურ კითხვებს. ჩვენ გვყავს დანარჩენი 46 მღვდელმთავარი. რომლებსაც გაცილებით დიდი დამსახურება და ამაგი აქვთ საქართველოს ეკლესიის წინაშე. ბუნებრივია ჩნდება ერთგვარი გაოცება, რატომ მაინცდამაინც მეუფე შიო და არა ისინი, იმიტომ ხომ არა რომ მათთვის უფრო დასავლური პლათფორმაა მისაღები? იმის გამო ხომ არა, რომ სხვები უფრო დამოუკიდებელი პერსონები არიან და მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია? ეს არის შეკითხვები, რაც იმ რეალობამ დაბადა ჩემში.

 _ რუსეთში განათლების მიღება ხომ არ ნიშნავს, რომ ის პრორუსული ორიენტაციისაა, სხვა რა არგუმენტი გაქვთ ამის დასამტკიცებლად?

_ პირველი განათლება, მეორე ანტურაჟი და გარემოცვა და მესამე ვინ ზეიმობს მისი მოსაყდრის თანამდებობაზე დადგინებით: ქართული მარში, ნეონაცისტები, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი, ანუ რუსოფილური, ფანატიკური, ექსტრემისტული, ფუნდამენტალისტური და რადიკალური ფრთა, საქართველოში არსებული მარგინალური პრესა და სააგენტოები, რომელიც რუსული ნარატივით გამოირჩევიან. მაგალითად დასახელდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს აქტიურად.  როცა მის კავშირებს, კონტაქტებს ვეხებით, როცა მის ბიოგრაფიას მიმოვიხილავთ შესაბამისად მე დამატებით რაღა ხელჩასაჭიდი მჭირდება, რომ ვიმსჯელო გარედან ამ საკითხზე მტკიცებით ფორმაში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის არის პირდაპირი რეზიდენტი ან ემისარი, მაგრამ როგორც მინიმუმ ბრმა იარაღი რომ არის „ძერჟავნიკული“ იდეოლოგიის მედროშეთათვის, ეს ფაქტია.

როგორ ფიქრობთ, ვინ გაუბედავდა პატრიარქს რომ გადადგომა ეთხოვა მისთვის?

– რაც გაცხადებულია იმით დავიწყებ. გაზეთ ასავალ-დასავალთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ანდრიაძე აანონსებდა მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობდა, რომ გაცილებით ბრძნული იქნებოდა ის ნაბიჯიც, საქართველოს პატრიარქმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, რათა მეუფე შიოს შეუწყოს ხელი პატრიარქად დადგინებაში, რადგან პატიარქის სიცოცხლეში სხვა მღვდელმთავრები ვერ გაკადნიერდებიანო და ვერ გამოხატავენ სხვა კანდიდატების მიმართ სიმპათიებსო. რადგან კათოლიკოს-პატრიარქის წონადობა ამ შემთხვევაში იქნება გათვალისწინებული და ასე უფრო იოლად დადგინდება მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზეო. ის მოწადინებული იყო ამ მიზანსწრაფვით, ანდრიაძეს როცა ვახსენებთ, იქვე უნდა მოვიაზროთ მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, მისი მზაობაც არის დაინიშნოს მეუფე შიო, რომელიც არის პასიური და ინდიფერენტული ნატურა, ნიშანდობლივია, რომ ამ 15 წლიანი მღვდელმთავრული საქმიანობის განმავლობაში არც ერთ მიმდინარე მოვლენაზე არასოდეს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება, შესაბამისად საპატრიარქოში მავანს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნება სუვენერული და დამოუკიდებელი. სამწუხაროდ მე ასეთად ვხედავ მეუფე შიოს, არა იმიტომ რომ მის მიმართ რაიმე ანტაგონიზმი და კონფრონტაცია მაქვს, არავითარი, პიროვნულად არ არის ნეგატიური ადამიანი, მაგრამ როგორც მმართველი, არის სუსტი, უშედეგო და წარუმატებელი, ამიტომ მე ვხედავ საფრთხეს. არ ვუსურვებ საქართველოს ეკლესიას, რომლის შვილადაც მივიჩნევ თავს, არ ჰყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში პასუხისმგებლიანი არ იქნება.

მეუფე გრიგოლის სატელევიზიო განცხადებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რას ემსახურებოდა ეს?

-მეუფე გრიგოლმა ამ განცხადებით შემოიტანა სიცხადე და განმარტა რეალურად ის უმძიმესი ვითარება, რომელიც სუფევს, ფაქტობრივად, პატრიარქი ტყვეობაში იმყოფება შიდამოღალატე ადამიანების მხრიდან. მან ამით გაამახვილა ყურადღება იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელშიც პატრიარქია ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს იყო მისი მხრიდან მორალურად სავსებით გამართლებული და ძალზე პასუხისმგებლიანი განცხადება. რეალურად ვინმე უნდა აღმოჩენილიყო წმინდა სინოდიდან, ვინც გაბედავდა და იტყოდა სიმართლეს და ეს საკუთარ თავზე აიღო მეუფე გრიგოლმა. ვფიქრობ, მას კომპლიმენტები ეკუთვნის იმ სიმამაცისა და მართლმკვეტელობისათვის, რაც გამოავლინა. იოლი არ არის სისტემის წინააღმდეგ წასვლა, არ არის ადვილი ამხილო ის მდგომარეობა, რასაც ძალიან დიდი და მაღალი რანგის შემოქმედებითი მფარველები ჰყავს. აქედან გამომდინარე მივესალმები მეუფე გრიგოლის განცხადებას, რაც საქართველოს ეკლესიაში ღიაობას, გამჭვირვალობას, გახსნილობას და საჯაროობას ემსახურება. რისი სერიოზული დეფიციტიც სამწუხაროდ კვლავინდებურად გვაქვს.

თქვენ მასე ამბობთ, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ მეუფე გრიგოლსაც უნდა პატრიარქობა და ამით დაიწყო ბრძოლა-ო…

_ ჩემთვის უცნობია რამდენად სურს მას პატრირქობა, თუმც ამისი კონცეფცია, ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანის გენგეგმა, მისი ხედვები და ამოცანები ფრიად საინტერესოა. როგორც ინტელექტუალი და ფილოსოფიის დოქტორი, საკმაოდ ფართო დიაპაზონის, ერუდიციის გახლავთ, მას აქვს მომავალის პერსპექტივის გადარჩენისათვის შემუშავებული პრევენციული სტრატეგია, რაც ამოვიკითხე უშუალოდ მისსავე ეპისტოლეებში რომელიც არაერთგზის შემოგვთავაზა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საყურადღებო პიროვნებაა, მისი გარემოცვითაც, იმ პროფესორ-მასწავლებლების გუნდითაც, რომელიც შემოკრებილი ჰყავს ფოთის „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“. ვფიქრობ, რომ მას შესწევს იმის უნარი როგორც ადმინისტრატორს და მენეჯერს, გაუძღვეს დედა-ეკლესიის საჭეს.

თქვენი პასუხით ასე მგონია დაადასტურეთ ადამიანთა ერთი ნაწილის ვარაუდი, თუმცა მოდით გავაგრძელოთ საუბარი. თუ ეს ამბავი მან იცოდა, აქამდე რატომ არ თქვა და თქვენი აზრით ახლა რატომ დასჭირდა ამის თქმა? ხომ იცით, ასეთი რამ პოლიტიკაში სწორედ რომ არჩევნების წინ ხდება…

– ალბათ ახლა მიეცა საშუალება, რომ ინტერვიუ მიეცა და ღიად განეცხადებინა.სავარაუდოდ ის სწავლობდა რეალობას, ერთია რას გავიგებთ და მეორეა, რამდენად გადავამოწმებთ ინფორმაციას და რა დროში მოხდება დადასტურება მისი. ისეთი პასუხისმგებლიანი ადამიანის მხრიდან, როგორიც მეუფე გრიგოლია, ასეთი გაბედული განცხადება გამყარებული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტური და ვალიდური რეალობით. მანამდე ამ ინფორმაციას არ ამჟღავნებდა ალბათ იმიტომ, რომ ამის დაზუსტებას ცდილობდა, ალბათ როგორც კი მიიღო შესაბამისი წარმოდგენა ვითარებაზე, ჩათვალა რომ უკვე დადგა დრო ღიად განეცხადებინა და ამით ეკლესიას აეცილებინა ის არამართლზომიერი და ვერაგული ჩარევები, რომელიც წინ ელოდა. ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიარის ადექვატური, ფიზიკურადაც უნარიანია, აღასრულებს ლიტურგიულ მსახურებასაც და ასე უპატიოდ იგი გადაეყენებინათ ეს იქნებოდა ძალიან მტკივნეული და დამამძიმებელი საქართველოს ეკლესიისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, პატრიარქთან შეუთანხმებლად განცხადებას გააკეთებდა? ფიქრობთ, რომ ეს პატრიარქმა იცოდა? 

_ეს დეტალები ჩემთვის უცნობია, თუმცა არ გამოვრიცხავ მას კონსულტაციები გაევლო საქართველოს პატრიარქთან, ისე კი თუ შეთანხმებული იყო, ეს ტრაგიზმს ორმაგად აღრმავებს, ე.ი პატრიარქი უმძიმეს მდგომარეობაშია და შველას ითხოვს. ანუ კერძო საუბრებში თხოვს მღვდელმთავრებს აღნიშნული საკითხი გაასაჯაროვონ. იმისათვის რომ მან პოზიციები უფრო გაიმყაროს. ნებისმიერ შემთხვევაში რაც მოხდა, ეს სასარგებლო იყო. საზოაგადოებამ დაინახა როგორ ცდილობს კრემლი საკუთარი ინტერესების დომინანტობის შენარჩუნებას საქართველოში და როგორ იყენებს იგი პატრიოტული სიმბოლიკით გამსჭვალულ ადამიანს, რომელსაც ვითომ მეცენატის სახელი აქვს და რომლის არავითარი სიკეთეც საზოგადოებას არ ახსოვს. იგივე „9 წლიანი, პირისხლიანი და დამღუპველი სისტემის დროს“, რომელსაც ვითომდა ამხელს ხოლმე პატივცემული რაინდი, სად ბრძანდებოდა მაშინდელი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს პატრიოტ-მამულიშვილობას იჩემებს? იგი საკმაოდ კომფორტიულად გრძნობდა მაშინ თავს, ამდენად ის მითი, რომ ის არის ნაცმოძრაობის მიმართ დაუნდობელი და შეურიგებელი, არის სასაცილო, არავის ახსოვს მისი აქტიურობა ან პროტესტი „ავტორიტარიზმის“ დროს. პირიქით, ის იყო ლოიალური და დადუმებული, რატომღაც!

–  ფიქრობთ, რომ ლევან ვასაძემ ურჩია პატრიარქს გადადგომა? ეს ვერსია ითქვა, თუმცა თავად ვასაძემ კატეგორიულად უარყო ფაქტი და თქვა, რომ რასერიოზულად მიაჩნია კომენტარის გაკეთებაც კი ამაზე.

-მეუფე გრიგოლს არც უხსენებია ლევან ვასაძე, პერსონიცირება არც მოუხდენია. თქვა რომ ერის ადამიანები არიანო. არავინ არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის ყოფილიყო. იგი ძალიან ხშირად იმყოფებოდა ხოლმე საპატრიარქოში, მოსაყდრეც მისი მეგობარია და შესაბამიად არაფერი არ არის ამაში არაბუნებრივი,  საგულისხმოა ისიც, რომ ოფიციალურად მეუფე შიო მისი სულიერი მოძღვარია.

ვანო ჩხარტიშვილიც დასახელდა, რუსთავი 2-ი ამბობს,  რომ მაურჩია პატრიარქს გადადგომა, თუმცა თავად ჩხარტიშვილიც უარყოფს ამას.

_ვთვლი, რომ რაც რუსთავი 2- მა გააჟღერა, ეს არის აბსურდი, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა ეს და ჩხარტიშვილმა ამიტომ შესთავაზა პატრიარქს. ეს გამორიცხულია, რადგან ყოფილი პრემიერის ინტერესებში სულაც არ შედის რუსული ტრენდის გაძლიერება საქართველოს ეკლესიაში. თუკი დამოუკიდებლად მოინდომა ჩხარტიშვილმა არ ვიცი, ლევან ვასაძის მსგავსად მასაც აქვს ბიზნესები რუსეთში, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ამის მზაობა, მე კონკრეტულ პირს ვერ დავასახელებ, ეს მარჩიელობა იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ მეუფე გრიგოლმა თქვა სიმართლე.

_ რა მოლოდინი გაქვთ? რამე კონკრეტული მოჰყვება ამ განცხადებას?

-მეუფე გრიგოლის განცხადებას შედეგი მოყვება. ის კონფიდენციალური და ლატენტური ჯგუფი, რომელიც იატაქვეშ ცდილობს საკუთარი მიზნების სრულყოფას, განეიტრალდება. პასიურ მდგომარეობაში გადაინაცვლებს მათი აქტიურობა, რადგან ამხილეს ისინი, ასე თამამად ვეღარ გაბედავენ მსგავს თავხედობას და ვეღარ შეეცდებიან თავიანთი ბოროტი მიზნების განხორციელებას. აქვე უნდა ითქვას _აქ მონაწილეობს პიროვნების ხასიათი და შინაგანი ჩართულობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მხოლოდ მეუფე პეტრე და მეუფე გრიგოლი ფიქრობს ქვეყნისა და ეკლესიის სამომავლო ბედზე. ბუნებრივია არიან სხვა მღვდელმთავრებიც, რომლებსაც ანალოგიური პოზიციები აქვთ და ეს საკითხი სტკივათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს. ზოგს არ ყოფნის გამბედაობა საჯარო სივრცეში გამოვიდეს და ღიად ისაუბროს არსებულ პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე წმინდა სინოდში არ არიან მარტონი.

სააგენტოსგან: ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა გიორგი ტიგინაშვილმა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა:

-ცოტა ხნის წინ კონფიდენციალური წყაროებიდან მაცნობეს, შემდეგი: იმის გამო, რომ მოსაყდრე შიო საზოგადოების თვალში ცნობილია, როგორც რუსოფილი და კრემლის ნარატივის მიმდევარი, მისმა “ზემდგომებმა” გადაწყვიტეს, რომ ნება დართონ რაღაც ეტაპზე ანტირუსული რიტორიკის ტირაჟირებაზე ქადაგებებში, რაც ხელოვნური და ფასადური მცდელობაა, იმისათვის, რომ მისი რეალური ლობი არ გაიშიფროს.