აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან

2008 წლის ომის 10 წლისთავზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰეზერ ნოიერტმა  ოფიციალური განცხადება გააკეთა.  ნოიერტმა ოფიციალური ვაშინგტონის სახელით რუსეთს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

„ჩვენი პოზიცია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციაზე ურყევი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს ტერიტორიებია და არა რუსეთის ნაწილი. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. ახლა საშუალება მაქვს კიდევ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – აცხადებს ნოიერტი.

ჟურნალისტის კითხვაზე – უჭერს თუ არა აშშ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას – განმარტა, რომ ნატომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.