„დაგაგვიანდათ!!! განკითხვის წამმზომი უკვე ჩვენ სასარგებლოდ არის ჩართული!“

თამაზ ხუბუა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

-მინდა მოკლედ გამოვეხმაურო აფხაზეთის დე-ფაქტო ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ამასწინდელ განცხადებას,რომლის ძირითადი ფაბულა საქართველოსთან დიალოგის დაწყებისაკენ მოწოდებაა. განვლილი 25 წლის განმავლობაში თბილისმა კონკრეტული პროგრამების წარმოდგენით მრავალჯერ შესთავაზა სოხუმს დიალოგის დაწყება, რაზედაც ამ უკანასკნელს არცერთხელ-ხაზს ვუსვამ: არცერთხელ!-რეაგირება არ მოუხდენია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სეპარატისტული ადმინისტრაციის ჩვეულ რიტორიკას, რომ ,,ეს მათ არ ეხებათ,რამეთუ ისინი დამოუკიდებელნი არიან”. მართალი გითხრათ, გამაკვირვა საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ცალკეულ წარმომადგენელთა ,,აღფრთოვანებამ” მითითებული შემოთავაზებით.

დამიჯერეთ, აფხაზეთის პრობლემატიკის მშვიდობიანი მოგვარება და მშობლიურ სახლებში ღირსეული დაბრუნება ყველაზე მეტად ამ კუთხის მკვიდრ თანამემამულეებთან ერთად მე მწადია, მაგრამ არა ,,კეთილმეზობლურ სახელმწიფოში”, არამედ ,,ღვიძლ” საცხოვრისში! ამიტომაც, არც არასოდეს ვუგებდი და ბოლომდე ასეთად ვრჩები: ვერ და არ ვიზიარებ იმ პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების მიამიტობას, გულუბრყვილობასა და ,,პოლიტიკურ გულჩვილობას” სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე!

ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა, ბევრი ტკივილი და გასაჭირი გამოვიარეთ, კიდევ გარკვეული პერიოდი მოვითმენთ, რამეთუ, დარწმუნებული ვარ, განკითხვის წამმზომი უკვე ჩვენ სასარგებლოდ არის ჩართული!

ბატონო სერგეი მირონოვიჩ, ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ კი არა, თქვენ დაგაგვიანდათ!!!