…უჭირთ, ეშინიათ და მაინც იმედით შეჰყურებენ ხვალინდელ დღეს…

   საზღვრისპირა სოფელი კარბი

სოფელ კარბში გიორგი კაპანაძის 7 სულიან ოჯახს ყველა იცნობს. გიორგი დაახლოებით 2 წლის წინ ავარიაში მოყვა და მას მერე ეტლს არის მიჯაჭვული. მას ხერხემლის 1 და მე-12 მალა აქვს გატეხილი, 4 ფიქსატორი და 11 ფირფიტა უდგას ხერხემალში. წუხს გიორგი, ადრე დღიურ სამუშაოზე გავდიოდი და ოჯახში პურის ფული მაინც მომქონდა, ახლა კი მეუღლეს ვერაფრით ვეხმარებიო. საშინელი ტკივილები აქვს, შეტევის დროს სასწრაფოს იძახებენ, მაგრამ ვერაფერს შველის…როგორც მისი და ამბობს, ერთადერთი იმედი ჩეხეთში მკურნალობაა, რომელიც 24 000 ევრი ჯდება, რაც მათთვის ძალიან დიდი თანხაა, ხოდა ზის ეტლში გიორგი და მხოლოდ იმ დღეზე ოცნებობს ფეხზე წამოდგეს და მის შვილებს არაფერი მოაკლოს. შვილი კი გიორგის და ირმას ოთხი ჰყავს. ყველაზე პატარა, ავთანდილი 4 წლისაა, ნინი-6 წლის, ნატა – 7-ის, ლუკა კი ყველაზე უფროსია და უმცროს დებზე და ძმაზე ზრუნვა მის მოვალეობად მიაჩნია, არადა ის მხოლოდ 8 წლისაა, მაგრამ დედას „დიდი ბიჭივით“ უდგას მხარში.

20160813_133335 20160813_133347

ცხოვრობენ დანგრეული სახლის ერთ პატარა ოთახში და იქაც წყალი ჩამოდის, იატაკი მიწისაა, ოთახს მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აქვს, ამიტომ არც სინათლე შედის, არც შრება და შმორის სუნი დგას. სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალის შესაძენი თანხა არ აქვს. სახლის სახურავი ომის დროს ტყვიებისგან დაზიანდა და მერე დგას ასე „უტყვი მოწმე“ და ტყუილად ელის შეკეთებას.

14012108_1198083373576694_684143646_n 14012139_1198083370243361_541693163_n 14030720_1198083376910027_1052953684_n 14030891_1198083366910028_1742368456_n

-„მაგაზე აღარც ვოცნებობ,  სამშენებლო მასალის საყიდელი ფული ნამდვილად არ გვაქვს, ჩემს მეუღლეს ტავისი პენსია წამლებშიც კი არ ყოფნის, ექიმი 5 წამალს რომ გამოუწერს, ჩვენ 2-ს ძლივს ვყიდულობთ. ახლა მალე სასწავლო წელი იწყება, 3 ბავშვი მყავს სკოლის მოსწავლე და რა სახსრებით ვუყიდო რამე აღარ ვიცი…გიორგი კარგად რომ იყო, ნახირშიც დადიოდა, რაღაც დღიურ სამუშაოსაც შოულობდა და ასე თუ ისე შვილებს არჩენდა. ახლა მე მარტომ რა ვქნა აღარ ვიცი, რა წყალს მივცე თავი. შემოდგომაზე წვიმები დაიწყება და ისევ ოთახში ჩამოწვიმს. სახურავი რომ მაინც გაგვაკეთებინა…რამდენ რამეზე ვიფიქრო-ბავშვების სასკოლოდ გამზადებაზე, მეუღლის ექიმზე თუ სახლზე…“-გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.

14081106_1198083380243360_1058860664_n

პატარებიც დიდებივით წუხან-„ცას ეხვეწებიან“ წვიმა არ გამოუშვას.

-ყველაზე ძალიან რა გინდათ?-ვკითხეთ ბავშვებს.

-მამიკო რომ ადგეს-გვითხრა 8 წლის ლუკამ.

-აუცილებლად ადგება, კიდევ რა გინდათ? რაზე ოცნებობთ? -მივეფერეთ გოგონებს, სახელდახელოდ წაღებული პატარა სათამაშოები მივეცით და უფრო გაიხსნენ.

-ლამაზი კაბა მინდა, ფეხსაცმელიც და დიიიდი სათამაშო, რომ ჩავეხუტო-გვითხრა 6 წლის ნინიმ-ხო, კიდევ ლამაზი ჩანთა მინდა.

-რად გინდა, წვიმა მოვა და დაგისველდება-შეეპასუხა უფროსი და-მე მინდა ოთახში არ წვიმდეს და ყველაფერს არ აფუჭებდეს.

მერე გოგონების დედამ გვითხრა, თურმე ნატას საყვარელი ზღაპრების წიგნი დაუსველებია წვიმას და იმის მერე „გაებუტა“…

ეს ოჯახი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, უჭირთ, ეშინიათ და მაინც იმედით შეჰყურებენ ხვალინდელ დღეს. იმედი გვაქვს ჩვენც, რომ ერთად შევძლებთ ცოტათი მაინც გავულამაზოთ უფერული დღეები…

სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ საზღვრისპია სოფლებში მცხოვრები ოჯახების თქვენთვის გაცნობას. ჩვენ ვიწყებთ და გელოდებთ თქვენ, ნებისმიერი დახმარების გაწევის მსურველებს.  

   ქეთი მიქაძე

კომენტარის დატოვება