საკუთარ ქვეყანაში უფლებააყრილი ჩუმად დავდივარ და გულს ვასკდები, მიწები კი ისევ იკარგება!..

საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობის ერთადერთი შემოსავლის წყარო ბაღებია, რომელთა ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა და ოჯახებს პირიდან ლუკმა გამოაცალა.

კარბი, კოშკი, გუგუტიანთკარი, ზარდიაანთკარი-ეს ის სოფლებია, რომელთა მოსახლეობის ბაღების უმეტესობის ნაწილი მავთულხლართებს იქით დარჩა და ახლა ყოველ დილით გულდამძიმებული ადამიანები შორიდან ადევნებენ თვალს მათ ტერიტორიაზე უცერემონიოდ მოსიარულე რუს და ოს სამხედროებს.

14054741_1198085350243163_788090545_n 20160813_163829

ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს და არათუ გვარდება, არამედ უფრო ღრმავდება და სულ უფრო და უფრო მეტი ტერიტორია გვეცლება ხელიდან.

სოფელ კოშკში მცხოვრები გურამ ჩალაური ახლაც ჩვეულებრისამებრ ყოველ დილით ცას ახედავს და მოსავლისთვის კარგ ამინდს ნატრობს, მერე უცებ ნაღვლიანდება, შემდეგ სიბრაზე იბყრობს და ხანდახან ცრემლის დასამალად უკან ეზოში გადადის, არ უნდა ისედაც იმედგაცრუებულ ოჯახის წევრებს დარჩენილი მბჟუტავი იმედი წაართვას.

20160813_141951

-„7 სული ვართ ოჯახში, ჩვენს ყოფას ცხოვრება კი არა გაძლება ჰქვია, 2 შვილი მყავს, ორივე უმუშევარი, მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს, მეუღლეა მხოლოდ პენსიონერი. ჩვენი ოჯახის მარჩენალ ბაღი იყო, მარტო ჩვენი კი არა, აქაურებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ბაღებია, ახლა ეგ მარჩენალიც არ გვაქს, ჩვენი ბაღი მავთულხლართებს იქით მოჰყვა. გული მიკვდება ჩემს ნაჯაფს სხვა რომ ეპატრონება და ისიც ვინ?-ოკუპანტი! 3 წლის წინ მთავრობის წევრები იყვნენ, მოსახლეობას ბევრი დაპირება მისცეს, მაგრამ ხომ გაგიგიათ-„კრება დარჩა მხიარული…“ მას მერე არავინ გამოჩენილა, არავის უკითხავს დავრჩით თუ დავიხოცეთ!..-ამბობს გურამის მეუღლე რაია ჩალაური.

-კიდევ იცით რა არის-საუბარში გურამ ჩალაური ერთვება-გული მიკვდება ჩემს ბაღებს შორიდან რომ ვუყურებ და ვხედავ როგორი მოუვლელია, თქვენ გგონიათ მოსავალს მთლიანად იღებს ვინმე? არა! ხილი მიწაზე ლპება-აი, ავი ძაღლები არიან, არც თავად სრგებლობენ და ჩვენც პირიდან ლუკმა წაგვართვეს. ლუკმა რა, შვილო, მშვიდობა წაგვართვეს, ერთიანობა წაგვართვეს. შიშია სოფელში, როცა მოუნდებათ გადმოდიან და დადიან, ჩვენ კი მიახლოების უფლებაც არ გვაქვს, საკუთარ ქვეყანაში უფლებააყრილი ჩუმად დავდივარ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ არაფრის გაკეთება არ მძალუძს, მხოლოდ გაულს ვასკდები!

-ეჰ, ყოველ დღე შიშით გული მისკდება, ბიჭები სახლიდან რომ გადიან, სულ მეშინია რაიმე ხიფათს არ გადაეყარონ. ქართველი ვაჟკაცებია და ქართული სისხლი უდუღთ, სულ იმას ფიქრობენ, რა გააკეთონ, რომ ბოლო-ბოლო ჩვენი ტერიტორია დავიბრუნოთ! ვინ არის ჩვენი დამცველი? დედა ვარ და გული სულ დამძიმებული მაქვს, სულ ვაფრთხილებ-რაიმე ისეთი არ ჩაიდინონ, სიცოცხლე რომ გამიმწარონ, მაგრამ იმათ სიძულვილს ვაჟკაცების გული კი არა, ჩემისთანების გულიც არ იტევს. მეშინია ბავშვების გამოც. ხან მთვრალები ჩამოდიან სამხედროები. როდემდე ვიქნებით ასე და გავძლებთ აღარ ვიცი-ამბობს ოჯახის დიასახლისი.

სამწუხაროდ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის გასაჭირი არ არის. გუგუტიანთკარში 7 ოჯახის ბაღები დისევის ტერიტორიაზე დარჩა. სოფელი დისევი კი ახლა მთლიანად ოკუპირებულია. ამ ადამიანებს იქაური ჩაწერა აქვთ, ამიტომ აღარც დისევში ითვლებიან და არც გუგუტიანთკარში.

-არც დევნილის სტატუსი გვაქვს და არც არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. არსად არ ვარსებობთ და ბიულეტინიც არ მოდის. ამას წინათ მართვის მოწმობა არ მომცეს-ჩაწერილი არსად არ ხარო. ჩემს ბაღში ვერ შევსულვარ, საარჩევნო უფლება წამართვეს, მართვის მოწმობაც ვერ ამიღია და პასუხსაც ვერავინ მცემს, სად მივიდე, ვის მივმართო აღარ ვიცი. აქ პასუხს ვერავინ მაძლევს, თბილისში წასასვლელი ფული მე არ მაქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმედიც დავკარგე, აღარავისი მჯერა და არც არაფრის იმედი მაქვს! ხან მგონია, რომ მოქალაქეები კი არა, ამტანობის ხარისხის დასადგენი საცდელი ვირთხები ვართ” -ამბობს დისეველი გიორგი ოქროპირიძე.

კარბი, კოშკი, გუგუტიანთკარი, ზარდიაანთკარი….ძნელად თუ იპოვით მოსახლეს, რომლის ბაღი ან სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ დარჩა. აი, ამ გზას რომ გაუყვებით, სულ რაღაც 200 მეტრში ოკუოანტი დგას და შენს ქვეყანაში გადაადგილებას გიზღუდავს!!!

20160813_151404

ჯერ ამ ადამიანების პრობლემები არ მოგვარებულა და კიდევ სხვა სოფლებში, სხვა ოჯახები კარგავენ თავიანთ მიწებს-გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში, ადგილობრივ მაცხოვრებელ შალვა ჩილინდრიშვილს , საკუთარ ყანაში რუსი ოკუპანტები დახვდნენ, რომლებიც კომბაინებით მის კუთვნილ მოსავალს იღებდნენ. მათ ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი 6 ჰექტარი მიწა, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკუთვნის და მას ყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

a1472153644

რაც არ უნდა ვივიშვიშოთ, ვაპროტესტოთ-ოკუპაცია გრძელდება და ახლა უკვე ყოველ დილით ახალი დარდით იღვიძებენ საზღვრისპირა სოფლებში-როდემდე! სანამდე? დღეს ვისი ბაღი ან სახლი?..

კომენტარის დატოვება